ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის [NDI] კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 66% ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობამ რუსეთის მოქალაქებიისთვის სავიზო რეჟიმი უნდა შემოიღოს. კითხვაზე, "თქვენი აზრით, უნდა შემოიღოს თუ არა საქართველოს მთავრობამ სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის?", 66%-მა უპასუხა, რომ უნდა შემოიღოს, 23% წინააღმდეგია, 11%-მა არ იცის, ხოლო კითხვას უპასუხოდ 1% ტოვებს.
NDI წერს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას ყველაზე მეტად ქართული ოცნების მხარდამჭერები, კაცები და 55+ ასაკის მოქალაქეები არ უჭერენ მხარს. კვლევის მიხედვით, ქართული ოცნების მხარდაჭერთა 34% ამბობს, რომ მთავრობამ სავიზო რეჟიმი არ უნდა შემოიღოს, ხოლო 49% სავიზო რეჟიმის შემოღებას ეთანხმება.
ოპოზიციის მხარდამჭერთა 19% ეწინააღმდეგება სავიზო რეჟიმის რუსეთის მოქალაქეებისთვის შემოღებას, 75% - თანახმაა. გამოკითხულთა 64% არ ასახელებს მათ მხარდაჭერილ პარტიას და მათგან - 20% სავიზო რეჟიმის დაწესების წინააღმდეგია, 69% კი თანახმა. რაც შეეხება ასაკობრივ კატეგორიებს, სავიზო რეჟიმის შემოღებას ყველაზე მეტი წინააღმდეგი - 28% 55+ ასაკობრივ ჯგუფში ჰყავს. ამავე ჯგუფში, 59% მხარს უჭერს სავიზო რეჟიმის დაწესებას.
ორგანიზაციის ცნობით, NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. აღნიშნული ანგარიში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე (3-15 თებერვალი) და ორი კვირის შემდეგ (9-20 მარტი) ჩატარებულ ქვეყნის წარმომადგენლობით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ორი სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება. საშუალო ცდომილების ზღვარი თებერვლის კვლევაში - +/- 1.8 პროცენტი, ხოლო მარტის კვლევაში +/- 1.6 პროცენტია. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.
ასევე წაიკითხეთ
- ევროკავშირში გაწევრიანებას 82%, NATO-ში გაწევრიანებას კი, 71% უჭერს მხარს - NDI
- საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ფიქრობს, რომ ომი უკრაინაში რუსეთისა და პუტინის ბრალია - NDI
- NDI: უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შეზღუდვას საქართველოს მეტი მოქალაქე უჭერს მხარს
- NDI: მოქალაქეები ეკონომიკურ დაღმასვლასა და სხვა სირთულეებს ელიან, ამასთანავე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ერთგულნი რჩებიან