ევროკავშირში გაწევრიანებას 82%, NATO-ში გაწევრიანებას კი, 71% უჭერს მხარს - NDI

NDI-ის მიერ გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობა ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებას ტრადიციულად მხარს უჭერს.

კითხვაზე: მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი? NDI-ის ცნობით, გამოკითხული მოსახლეობის 82%-ისთვის მისაღებია, 9%-ისთვის მიუღებელი, ხოლო პასუხი კითხვაზე არ იცის 8%-მა.


ამასთან, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება თანაბრად მისაღებია ყველასთვის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკისა და პოლიტიკური სიმპათიის მიუხედავად.

საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადს. მისაღებია თუ არა ეს გადაწყვეტილება - 83% ამბობს, რომ მისაღებია. 5% -  მიუღებელია, 11%-მა არ იცის.

ევროკავშირის მსგავსი დინამიკაა NATO-სთან მიმართებითაც. მიუხედავად საზოგადოებაში გავრცელებული მოსაზრებისა (69 პროცენტი), რომ NATO-ში გაწევრიანება რუსული სამხედრო აგრესიის ალბათობას გაზრდის, მოსახლეობის უმრავლესობა (71 პროცენტი) მაინც მხარს უჭერს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას. მეტიც, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ NATO საქართველოს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს (53 პროცენტი), ვიდრე ომის დაწყებამდე (40 პროცენტი).

კითხვაზე: მისაღებია თუ არა მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს NATO-ს წევრი? გამოკითხული მოსახლეობის 71%-ისთვის მისაღებია, ხოლო 15%-ისთვის მიუღებელი, კითხვაზე პასუხი არ იცის 13%-მა. მოსახლეობა ფიქრობს, რომ NATO-ში გაწევრიანება, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, მნიშვნელოვანია.

NDI-ის მიერ იანვარში ჩატარებული კვლევით, ევროკავშირში გაწევრიანებას 83%, NATO-ში გაწევრიანებას კი 77% უჭერდა მხარს.


ორგანიზაციის ცნობით, NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. აღნიშნული ანგარიში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე (3-15 თებერვალი) და ორი კვირის შემდეგ (9-20 მარტი) ჩატარებულ ქვეყნის წარმომადგენლობით (ოკუპირებილი ტერიტორიების გამოკლებით) ორი სატალეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება. საშუალო ცდომილების ზღვარი თებერვლის კვლევაში - +/- 1.8 პროცენტი, ხოლო მარტის კვლევაში +/- 1.6 პროცენტია. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.