როვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს კვლევის თანახმად, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საქართველოს მოსახლეობაში გამყარდა მოსაზრება, რომ ქვეყანა ევროკავშირთან და ნატოსთან მჭიდრო ურთიერთობით უფრო მეტ სარგებელს მიიღებს, ვიდრე რუსეთთან დაახლოებით.
გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საქართველომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები უნდა შეზღუდოს (ომის დაწყების შემდეგ ეს რიცხვი 23 პროცენტიდან 39 პროცენტამდე გაიზარდა).
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ:
- საქართველოში უფრო მეტ მოქალაქეს მიაჩნია, რომ რუსეთი მეზობელი ქვეყნებისთვის საფრთხეს წარმოადგენს;
- გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც სჯერა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს ეკონომიკას გააძლიერებს და მეტ უსაფრთხოებას მოუტანს;
- შემცირდა მათი რაოდენობა, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს, თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების სანაცვლოდ უარს იტყვის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე;
- მეტი მოქალაქე მიიჩნევს, რომ საქართველოს ყველაზე მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობა ევროკავშირთან უნდა ჰქონდეს;
- გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები უნდა შეზღუდოს.
ორგანიზაციის ცნობით, NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. აღნიშნული ანგარიში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე (3-15 თებერვალი) და ორი კვირის შემდეგ (9-20 მარტი) ჩატარებულ ქვეყნის წარმომადგენლობით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ორი სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება. საშუალო ცდომილების ზღვარი თებერვლის კვლევაში - +/- 1.8 პროცენტი, ხოლო მარტის კვლევაში +/- 1.6 პროცენტია. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.
ასევე წაიკითხეთ
- ევროკავშირში გაწევრიანებას 82%, NATO-ში გაწევრიანებას კი, 71% უჭერს მხარს - NDI
- საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ფიქრობს, რომ ომი უკრაინაში რუსეთისა და პუტინის ბრალია - NDI
- NDI: უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შეზღუდვას საქართველოს მეტი მოქალაქე უჭერს მხარს
- NDI: მოქალაქეები ეკონომიკურ დაღმასვლასა და სხვა სირთულეებს ელიან, ამასთანავე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ერთგულნი რჩებიან
- გამოკითხულთა 66% რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღების მომხრეა - NDI