აშშ უკრაინას ეკონომიკის სტაბილიზაციის მიზნით, $500 მილიონს გამოუყოფს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობა აპირებს, დამატებით 500 მილიონი აშშ დოლარი გამოყოს ომის დროს უკრაინის ეკონომიკის მხარდასაჭერად და ასევე, სოციალური შეღავათების უზრუნველსაყოფად. მისი თქმით, ეს პაკეტი გამოყენებული იქნება უკრაინის ეკონომიკის სტაბილიზაციისთვის, რუსული თავდასხმის შედეგად განადგურებული თემების მხარდასაჭერად.

„ბრძოლის ველზე უკრაინის მიერ წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობების გაძლიერების გარდა, ასევე გამოვხატავთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის მიმართ. დღეს შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ჩვენ ვაპირებთ დამატებით 500 მილიონი დოლარის პირდაპირი ეკონომიკური დახმარების გამოყოფას უკრაინის მთავრობისთვის“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა


19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 800 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის უმეტესი ნაწილი უკრაინას უკვე გადაეცა, მათ შორის საარტილერიო სისტემები, საბრძოლო მასალები და ჯავშანტექნიკა. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ უკრაინისთვის დამატებით $800 მილიონის ღირებულების იარაღს, საბრძოლო მასალასა და უსაფრთხოების სხვა დახმარებებს გამოყოფს.

პენტაგონის პრესსპიკერ ჯონ კირბის ინფორმაციით, აშშ უკრაინას გადასცემს მი-17 ტიპის 11 ვერტმფრენს, 18 ჰაუბიცას, M113 ტიპის 200 ჯავშანტრანსპორტიორს, 100 საბრძოლო მანქანას Humvee, 40 000 საარტილერიო ჭურვს, დამატებით რაკეტებს ტანკსაწინააღმდეგო სისტემისთვის Javelin-ი, დრონებს Switchblade, ჰაერსაწინააღმდეგო რადარებს და ქიმიური და ბიოლოგიური შეტევისგან დამცავ დანადგარებს.


ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.