ევროკავშირი მოქალაქეებს სთხოვს, სახლიდან იმუშაონ, რათა რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულება შეამცირონ

ევროკავშირი თავის მოქალაქეებს სთხოვს, ნაკლებად ატარონ ავტომობილი, უარი თქვან კონდიციონერზე და იმუშაონ სახლიდან კვირაში სამი დღე, რათა შეამცირონ რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულება. საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს მიერ შემუშავებული ზომები, ერთ ოჯახს წელიწადში 450 ევროს დაუზოგავს. BBC-ის ცნობით, რუსეთისგან ენერგიის შესყიდვა ხელს უწყობს მის ეკონომიკას მხარდაჭერას და უკრაინაში ომის დაფინანსებას, თუმცა ევროპამ განაცხადა, რომ ვერ პოულობს ალტერნატიულ მარაგს, ამიტომ სთხოვს მოქალაქეებს შეცვალონ ცხოვრების წესი.

9-პუნქტიანი გეგმა, სახელწოდებით „ჩემი წვლილი“, მოუწოდებს მოქალაქეებს, ნაკლებად გამოიყენონ ავტომობილი, ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან იმუშაონ სახლიდან კვირაში სამი დღე. გეგმის თანახმად, ევროკავშირი მოქალაქეებს მოუწოდებს:

  • ზამთარში სახლები ნაკლებად გაათბონ, ზაფხულში კი კონდიციონერი გამორთონ
  • უფრო ნელა იმოძრაონ მაგისტრალებზე, მანქანაში გამორთონ კონდიციონერი, რათა ნაკლები საწვავი მოიხმარონ
  • გამოიყენონ მატარებელი თვითმფრინავის ნაცვლად
  • გამოიყენონ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ველოსიპედი ან ფეხით გადაადგილდნენ


ენერგიიის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) გამოთვლით, თუ თითოეული მოქალაქე დაიცავდა მის რეკომენდაციებს, მას შეეძლო ყოველწლიურად 220 მილიონი ბარელი ნავთობის დაზოგვა, რაც საკმარისია 120 სუპერტანკერის შესავსებად. ეს ასევე დაზოგავს 17 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს, რაც საკმარისია 20 მილიონი სახლის გასათბობად. მარტში, ევროკავშირმა გამოაცხადა გეგმა, რომლის თანახმად, ბლოკი 2030 წლისთვის რუსეთის ენერგორესურსებისგან დამოუკიდებელი უნდა გახდეს. 

შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან.