22 აპრილს, მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ და პრემიერ-მინისტრმა ნატალია გავრილიცამ მოლდოვის რესპუბლიკაში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, იანის მაჟეიკსს შევსებული კითხვარი გადასცეს.
კითხვარი 11 აპრილს გადასცა მოლდოვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ნიკუ პოპესკუს, ევროკომისარმა სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ.
კიშინიოვში დღევანდელი ცერემონიის დროს, იანის მაჟეიკსმა აღნიშნა, რომ კითხვარი მხოლოდ 11 დღეში შესრულდა.
„ეს სიჩქარე ნათლად აჩვენებს პრეზიდენტის, მთავრობის და მთელი მოლდოვის ხალხის გადაწყვეტილებას, ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ თქვენი ქვეყანა ევროპული ოჯახის წევრი გახდეს“, - აღნიშნა ელჩმა.
კითხვარი ევროკავშირის შტაბ-ბინაში გაიგზავნება, სადაც მოხდება მისი ანალიზი. ამ ანალიზის საფუძველზე, ევროკომისია გამოაქვეყნებს თავის მოსაზრებას მოლდოვის განაცხადის შესახებ.
ცნობისთვის, უკრაინამ შევსებული კითხვარი 17 აპრილს, დააბრუნა. 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადაეცა. დოკუმენტი მიიღო მოლდოვამაც.
3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. საქართველოს მთავრობამ 15 აპრილს გაასაჯაროვა ევროკომისიის 37-გვერდიანი კითხვარი, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე მოსაზრების მოსამზადებლად ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ გადასცა. ქვეყანას პასუხების დასაბრუნებლად 4-კვირიანი ვადა აქვს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 აპრილს განაცხადა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან განიხილა კიევისთვის დახმარების გაზრდის საკითხი. მხარეებმა ისაუბრეს უკრაინის უსაფრთხოების დახმარების გაზრდაზე რუსეთთან კონფლიქტისა და ომისშემდგომი აღდგენის ფონზე, დაწერა ზელენსკიმ ტვიტერზე. ზელენსკის თქმით, მან ფონ დერ ლაიენს მიაწოდა ინფორმაცია ევროკავშირის (EU) შევსებული კითხვარის შესახებ, რაც არის ნაბიჯი უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციისკენ. თავის მხრივ, ფონ დერ ლაიენმა ასევე Twitter-ზე დაწერა, რომ მოლაპარაკებების დროს მხარეები შეეხნენ კიევის ფინანსურ და უსაფრთხოების დახმარებას და უკრაინის პასუხებს ევროკავშირის კითხვარზე.
ასევე წაიკითხეთ