ილჰამ ალიევი: სამშვიდობო შეთანხმებაზე უარის შემთხვევაში, არ ვაღიარებთ სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თქმით, სამშვიდობო შეთანხმება სომხეთისთვის "ბოლო შანსია" და თუ ამაზე უარს იტყვიან, აზერბაიჯანი სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას ოფიციალურად არ აღიარებს. ამის შესახებ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა მსოფლიოს აზერბაიჯანელთა მე-5 კონგრესის შეხვედრაზე, რომელიც ყარაბაღში, რომელიც ქალაქ შუშაში 22 აპრილს გაიმართა.

"წამოვაყენეთ შეთავაზება, რომელიც ხუთი კონკრეტული პრინციპისგან შედგება და სომხეთმა ეს პრინციპები მიიღო... სწორედ ამ ხუთი პრინციპის საფუძველზე ვაპირებთ მოლაპარაკებების წარმოებას. ამჟამად, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროები აყალიბებენ სამუშაო ჯგუფებს. ვთვლი, რომ ახლო მომავალში აუცილებელია კონკრეტული მოლაპარაკებების დაწყება. ეს არ უნდა გაჭიანურდეს, რადგან სამშვიდობო შეთანხმება სწორედ ხუთ პრინციპზე იქნება ხელმოწერილი,“ – განაცხადა ალიევმა.


9 აპრილს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სომხეთი ორ ქვეყანას შორის ვითარების ნორმალიზებისთვის 5 პრინციპს დათანხმდა. მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ „აზერბაიჯანის წინადადებებში მიუღებელი არაფერია“.

ყარაბაღში დაძაბულობის ფონზე  ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი 31 მარტს ბრიუსელში შეხვდნენ. 26 მარტს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. განკარგულებას ხელი მისმა პრეზიდენტმა, არაიიკ ჰარუტუნიანმა მოაწერა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ზონაში შევიდნენ და მთიანი ყარაბაღის შეიარაღებული ფორმირებების ქვედანაყოფებს უპილოტო საფრენი აპარატის, ბაირაქტარი TB-2-ით ოთხი დარტყმა მიაყენეს.გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის ჯარებთან შეტაკებისას დაიღუპა სამი და დაიჭრა რამდენიმე სომეხი სამხედრო. ერევანმა ბაქო რუსეთის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.თავის მხრივ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთი “საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში” დაადანაშაულა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მომხდარზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ისაუბრა. ფაშინიანის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ლიდერებმა “მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ზონაში აზერბაიჯანული შენაერთების შეჭრის შემდეგ შექმნილი ვითარება” განიხილეს.


2020 წლის შემოდგომაზე სომხეთსა და აზებაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში ომი დაიწყო. გაიმარჯვა აზებაიჯანის არმიამ. აზერბაიჯანმა ამ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა. მხარეთა შორის მოლაპარაკებებში რუსეთი ჩაერთო, შემდეგ კი მთან ყარაბაღში სამშვიდობო კონტიგენტი გაგზავნა.


ასევე წაიკითხეთ