უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი თვლის, რომ დასავლეთის პასუხი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრაზე მყისიერი არ იყო. მისი თქმით, გლობალური პასუხი ამ ტიპის კრიზისზე მყისიერი უნდა იყოს 24 საათის განმავლობაში და არა კვირების ან თვეების შემდეგ. მისი თქმით, ნებისმიერ აგრესორს შეუქცევადი სასჯელი უნდა დაემუქროს პრევენციული ღონისძიებების მექანიზმით, ე.წ. გადავადებული სანქციებით, რომლებიც შეიძლება დამტკიცდეს მშვიდობიან პერიოდში და ამოქმედდეს ავტომატურად.
რეზნიკოვის თქმით, რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ, თითქმის ოთხი მილიონი ადამიანი აქცია ლტოლვილად.
„ჩვენ ვართ გლობალური სასურსათო კრიზისის ზღვარზე, რამაც შეიძლება დესტაბილიზაცია გამოიწვიოს აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში. ვიდრე რუსეთი არ შეჩერდება, კრიზისი მხოლოდ გაიზრდება“, - აღნიშნა რეზნიკოვმა.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა წამოიწყო სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში და დაიწყო ომი. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.
12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.