ზურაბ ჯაფარიძემ ახალი პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლება“დააფუძნა

დღეს, 26 დეკემბერს ყრილობა გაიმართა, სადაც ზურაბ ჯაფარიძემ ახალი „გირჩი - მეტი თავისუფლება“დააფუძნა.

პარტიის თავმჯდომარედ ზურაბ ჯაფარიძე აირჩიეს.

პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრები იქნებიან ცოტნე კობერიძე, ნიკა მოსიაშვილი, მარიტა რატიანი, ნინო საჯაია, ანა ჩიქოვანი, ბორის ყურუა, სანდრო თარხან-მოურავი და მირიან ბეჟიტაშვილი.

ყრილობაზე ასევე განაცხადეს, რომ პარტიის დროშა და ლოგო იგივე რჩება, თუმცა, განმასხვავებელი ნიშანი იქნება წერტილი, რომელიც მათ ბოლოშია გამოსახული.

ჯაფარიძის განცხადებით, ახალი გირჩის მთავარი განსხვავება მის ღიაობასა და გახსნილობაში იქნება.

მისი თქმით, ეს პლატფორმა ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს საკუთარი იდეები წინ წამოსწონ.

"მთავარი განსხვავება იქნება, რომ მე მინდა ახალი გირჩი იყოს მართლა გახსნილი, ღია პლატფორმა ამ ახლაგაზრდებისთვის. ჩემი თავი, როგორც ცნობადობის მქონე ადამიანის, როგორც გირჩის ბრენდი, როგორც გირჩის ტელევიზია, ამ ადამიანებმა გამოიყენონ საკუთარი იდეების წინ წამოსაწევად და მათ შორის, სცადონ საკუთარი თავი ქართულ პოლიტიკაში", — განაცხადა ჯაფარიძემ.

თანაპარტიელებთან გამიჯვნის გადაწყვეტილების შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელში დაწერა.

„ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. აღარ ვაპირებ მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას“, - დაწერა ჯაფარიძემ.