კრეისერ „მოსკვაზე“ ხანძრის შემდეგ 27 ადამიანი უგზო-უკვლოდაა დაკარგული, ერთი კი დაიღუპა. ამის შესახებ, რუსული მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.
„13 აპრილს, საბრძოლო მასალების დეტონაციის გამო გაჩენილი ხანძრის შედეგად, კრეისერი „მოსკვა“ სერიოზულად დაზიანდა. ეკიპაჟმა ხანძრის ჩაქრობა ვერ შეძლო. კრეისერის გადარჩენის მცდელობისას დაიღუპა ერთ ადამიანი, ხოლო ეკიპაჟის 27 წევრი უგზო-უკვლოდაა დაკარგული“, - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
უწყების ცნობით, ეკიპაჟის 396 წევრი ევაკუირებულია კრეისერიდან და სევასტოპოლშია გადაყვანილი.
18 აპრილს რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია კრეისერ „მოსკვაზე“ ეკიპაჟის 40 წევრის დაღუპვისა და რამდენიმეს უგზო-უკვლოდ დაკარგვის შესახებ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 14 აპრილს რუსული კრეისერი „მოსკვა“ შტორმის პირობებში ბუქსირების დროს ჩაიძირა.
რუსულ სამხედრო კრეისერ „მოსკვას“, რომელიც შავ ზღვაზე რუსეთის ფედერაციის ფლოტის ფლაგმანია, 13 აპრილს საღამოს ხანძარი გაუჩნდა. უკრაინულმა მედიამ და პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ კრეისერზე ხანძარი „ნეპტუნის“ ორი რაკეტის აფეთქებამ გამოიწვია. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრეისერზე ხანძარი საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად გაჩნდა. თუმცა, რამ გამოიწვია აფეთქება, უწყებას არ განუმარტავს. თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ხანძრის მიზეზებს დაადგენენ.
15 აპრილს ცნობილი გახდა, რომ კიევთან „ნეპტუნის“ რაკეტების მწარმოებელი ქარხანა დაბომბეს, რომლითაც სავარაუდოდ, კრეისერ „მოსკვაზე“ სარაკეტო დარტყმა განხორციელდა
მოგვიანებით, პენტაგონის მაღალჩინოსნმა განაცხადა, რომ კრეისრ „მოსკვას“ უკრაინული „ნეპტუნის“ ტიპის რაკეტები მოხვდა.
ასევე წაიკითხეთ