Europetime იწყებს ახალ რუბრიკას, რომელიც რეგიონში შექმნილ ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობას და საქართველოს სატრანზიტო როლს ეხება. რუბრიკაში შემოგთავაზებთ საინტერესო სტატიებს, უცხოელი და ქართველი ექსპერტების მოსაზრებებს და ბლოგებს, შევეცდებით გავარკვიოთ, რამდენად ვართ მზად ახალ რეგიონულ გადალაგებებში ჩვენი ადგილის დასაკავებლად და პოზიციების გასამყარებლად. გვაქვს თუ არა ამბიცია და შესაძლებლობაც, ქვეყანა გახდეს აზია-ევროპის დამაკავშირებელი სატრანზიტო ჰაბი.
- ამ საკითხებზე საუბარს ვიწყებთ პოლიტოლოგ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორ ნიკა ჩიტაძესთან:
რამდენად რეალურია „გაზპრომის“ მონოპოლიის დასრულება? რა სარგებელს მიიღებს საქართველო მსოფლიო ენერგორესურსებსა და ბაზრების დივერსიფიცირების დროს, იქიდან გამომდინარე, რომ საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო გადაზიდვებზე მოთხოვნა მზარდია.
ET: ევროკავშირი სანქციების მე-6 პაკეტს განიხილავს, სადაც ერთ-ერთი საკვანძო საკითხია რუსეთის სრული ენერგოემბარგო. როგორ ფიქრობთ რამდენად ერთიანი იქნება ევროპა ამ გადაწყვეტილების მიღებისას?
ქვანახშირის ემბარგო არაა საკმარისი იმისთვის, რომ რუსეთმა უკრაინაში შეწყვიტოს საომარი მოქმედებები. ევროკავშირმა სხვა ტიპის სანქციებიც დაუწესა რუსეთის ფედერაციას. კერძოდ, რუსეთის საერთაშორისო რეზერვების $643 მილიარდიდან, [რაც რუსეთმა დიდწილად დააგროვა ნავთობისა და ბუნებრივი აირის ექსპორტიდან], $300 მილიარდზე მეტი ევროკავშირმა გაყინა. ასევე ბევრმა უცხოურმა კომპანიამ დატოვა რუსეთი და კვლავაც გადის ამ ბაზრიდან. რუსეთის ფედერაციიდან სოლიდური კაპიტალი გაედინება. მაგრამ ახლაც, მის ძირითად შემოსავალს წარმოადგენს ნავთობისა და გაზის ექსპორტის შედეგად მიღებული მოგება. მსოფლიო ფასზეა დამოკიდებული, თუმცა რუსეთი ნავთობის ექსპორტიდან ყოველთვიურად იღებდა $800 მილიონიდან ერთ მილიარდამდე შემოსავალს. ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტის დაახლოებით 30%-ის ფორმირება ხდებოდა ნავთობის ექსპორტისა და გაზის გაყიდვის შედეგად.
ET: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირის ქვეყნები ცდილობენ რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას. როგორ ფიქრობთ, თავის დროზე რატომ გადაეწყო ევროკავშირი რუსულ ენერგორესურსებზე? მაშინ ვერ აცნობიერებდნენ მოსალოდნელ საფრთხეს?
ნავთობის ფასების ზრდამ ჯერ კიდევ 21-ე საუკუნის პირველ დეკადაში ხელი შეუწყო ვლადიმერ პუტინის აღტკინებასა და რუსეთის ამბიციების ზრდას. როდესაც პუტინი მოვიდა ხელისუფლების სათავეში, ერთი ბარელი ნავთობის ფასი $30-ს შეადგენდა და 2008 წელს საქართველში შემოჭრამდე ლონდონის ბირჟაზე „ბრენტის“ ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე შეადგინა $147.
რაც შეეხება ბუნებრივ აირს, რუსეთმა 2021 წელს განახორციელა თითქმის 170 მილიარდი კუბური მეტრის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე და მიიღო დაახლოებით 400 მილიარდი ევროს შემოსავალი. ამიტომაც, მთავარი დარტყმა რუსეთს ამ მიმართულებით უნდა მიაყენონ.
ET: შესყიდვების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ევროპისთვის რუსული გაზი კრიტიკულად მნიშვნელოვანია. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მონაცემებით, 2021 წელს ევროკავშირმა 155 მილიარდი კუბური მეტრი რუსული გაზი შეისყიდა. ესაა ევროპული გაზის იმპორტის 45% და გაზის მოთხოვნის 40%. ამ ფონზე რამდენად რეალურია „გაზპრომისგან“ სწრაფად თავის დაღწევა?
ევროკავშირს რამდენიმე წელი დასჭირდება რუსეთის ბუნებრივი აირისგან სრულად განთავისუფლებისთვის. დაახლოებით 3-დან 5-წლამდე, ამ შემთხვევაში სრულად გათავისუფლებაზე მაქვს საუბარი. შემცირება ახლაც მიმდინარეობს. იტალიამ მიაღწია შეთანხმებას ალჟირთან. ეს ქვეყანა ევროკავშირის მოთხოვნის 20% აკმაყოფილებდა ბუნებრივ აირზე. იტალია ზრდის იმპორტს ამ ქვეყნიდან. მანამდე, რუსეთიდან შემოტანილი ბუნებრივი აირის მოცულობა 20 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენდა. გერმანია დაახლოებით 54% პროცენტით იყო დამოკიდებული რუსულ ბუნებრივ აირზე. ახლა, გერმანია აწარმოებს მოლაპარაკებას ყატართან და არის შესაძლებლობა, რომ ამ ქვეყნიდან გაიზარდოს თხევადი გაზის იმპორტი ევროპულ ბაზარზე. ასევე განიხილება, ევროკავშირის ბაზარზე აშშ-დან განხორციელდეს ფიქლური გაზის ექსპორტი. საუბარია 15 მილიარდ კუბურ მეტრზე, რაც არაა საკმარისი, რადგან ევროკავშირი ყოველწლიურად მოიხმარს 500 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს. ფიქლური გაზის მოპოვება უფრო რთულია და ძვირია, რადგან სიღრმეში მდებარეობს და სიღრმისეული ბურღვა დამატებით ხარჯებს მოითხოვს. აშშ-სთან ერთად ასევე შესაძლებელია ირანთან მოლაპარაკება, „ბირთვულ შეთანხმებაში“ გამჭვირვალეობის ფონზე, ირანს შეუძლია, განახორციელოს ევროკავშირში გაზის ექსპორტი. ვფიქრობ, ირანი საერთაშორისო საზოგადოებისთვის უფრო ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე რუსეთის ფედერაცია.
ET: ევროკავშირი ენერგორესურსების მომწოდებლებს ეძებს. მოსალოდნელია ბუნებრივი აირისა და ნავთობის მიწოდების ბაზრების დივერსიფიცირება. ამ პროცესში რა როლი აქვს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყანას? რეალურად, რა სარგებელი შეგვიძლია მივიღოთ?
-
აქ უნდა აღინიშნოს საქართველოს როლი... აზერბაიჯანმა უკვე გამოხატა მზადყოფნა, რომ 9 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიაწოდოს ევროპას. რა თქმა უნდა, ეს არაა საკმარისი, მაგრამ შესაძლებელია, აზერბაიჯანმა ეს ნედლეული გაატაროს საქართველოში მოქმედი ბაქო-თბილისი- ერზრუმის გაზსადენის მეშვეობით და შემდგომ, ეს რესურსი თურქეთიდან მიიღოს ევროპამ. საქართველომ კი, გაზის გატარებისთვის მიიღოს დამატებითი სატრანზიტო შემოსავალი.
ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის გერმანია აცხადებს რომ წლის ბოლომდე უარს იტყვის რუსულ ნავთობზე. ეს განცხადება აჩენს ვარაუდის საფუძველს, რომ ევროკავშირისთვის რუსული ნავთობის ჩანაცვლება უფრო ადვილია.
რუსული ნავთობის ჩანაცვლება შედარებით ადვილია, იმიტომ, რომ ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება ძირითადად ხდება გაზსადენებით, რუსეთიდან ევროკავშირში. მაგრამ ნავთობს რაც შეეხება, ტანკერები როცა იტვირთება ომანის ყურესა და ჰორმუზის სრუტეში, არავინ იცის, წინასწარ რა მიმართულებით გადაადგილდება. ნავთობით მოვაჭრე, შემსყიდველის ბრძანებას ელოდება. ყოველ შემთხვევაში, რუსული ნავთობის ჩანაცვლება უფრო მარტივია. საპარსეთის ყურიდან შესაძლებელია ნავთობის მიღება. ერთი ბარელის მოპოვების თვითღირებულება $3 -ია.
- ყაზახეთი აპირებს, 2 მილიონი ტონა ნავთობი გაატაროს საქართველოს გავლით. დამატებით მიაწოდოს რესურსი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს. მანამდე, ისინი რუსეთის ფედერაციის გავლით აწვდიდნენ ევროპას ნავთობს. ვგულისხმობ „თენგიზი-ნოვოროსიისკის“ მილსადენს. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ რუსული ბაზარი აღარაა სტაბილური, ყაზახები ნავთობის გადასაზიდად ეძებენ ალტერნატივას და ასეთი ალტერნატივა საქართველოა. შესაძლებელია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ყაზახური ნავთობის ტრანზიტი და ასევე ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირება „საქართველოს რკინიგზით“ ბათუმის ნავსადგურში და შემდგომ მსოფლიო ბაზარზე გატანა.
ET: ნავთობის რესურსი გასაგებია, მაგრამ ალჟირის, ეგვიპტისა და კონგოს გარდა [იტალიამ ამ მომწოდებლებთან გააფორმა ხელშეკრულება],კიდევ რა ალტერნატიული წყარობია რუსულ გაზზე ევროკავშირის დამოკიდებულების შესამცირებლად?
რუსული გაზის ჩანაცვლება შესაძლებელია და ამას წლები დასჭირდება. ეს პროცესი დაჩქარება მაშინ, თუ დასავლეთი დათანხმდება, რომ ირანთან მიაღწიოს შეთანხმებას. ასევე შესაძლებელია შეთანხმება ჩინეთთან, სადაც სხვადასხვა მონაცემით, არსებობს ფიქლის გაზის მარაგები. სავარაუდო რეზერვია 300 ტრილიონი კუბური მეტრი. თუ ჩინეთი გახდა გაზის მთავარი მიმწოდებელი, ეს მნიშვნელოვანი იქნება. აქ მთავარია აშშ-სა და ჩინეთს შორის შეთანხმება. თუმცა ჩინეთი გაცილებით ნაკლები საფრთხეა, ვიდრე რუსეთი, რადგან არ უქმნის საფრთხეს არცერთი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.
ET: საქართველოს თუ აქვს რესურსი რუსული გაზის ჩასანაცვლებლად? ბოლო სამი წელია „გაზპრომისგან“ საქართველომ უფრო მეტი გაზი იყიდა.
დიახ, რუსული გაზი დღეს საქართველოს მოთხოვნის 15%-ს აკმაყოფილებს. საქართველოს შეუძლია, გაზარდოს ბუნებრივი აირის მიწოდება აზერბაიჯანიდან და თურქმენეთიდან და უარი თქვას რუბლში გაზის საფასურის გადახდაზე. ახალა არაა 2006 წელის მსგავსი ვითარება, როცა მხოლოდ რუსულ ბუნებრივ აირზე ვიყავით დამოკიდებული.
ET: და ბოლოს მინდა გკითხოთ, რატომ შეიჭრა რუსეთი უკრაინაში ახლა? რა დოზითაა ამ ომში ენერგოინტერესები და გეოპოლიტიკა?
- აქ რამდენიმე ფაქტორი შეგვიძლია, გამოვყოთ. ენერგორესურსები არის ერთ-ერთი, მაგრამ არა მთავარი ფაქტორი. აქ უფრო დიდი ადგილი უჭირავს გეოპოლიტიკას. ჯერ კიდევ 1997 წელს ცნობილმა პოლიტოლოგმა ზბიგნევ ბზეჟინსკიმ, განაცხადა, რომ თუ რუსეთი მოახერებს უკრაინაზე კონტროლის დამყარებას, რუსეთი იქნება ანგარიშგასაწევი ევრაზიული ძალა. თუ რუსეთი ამას ვერ შეძლებს, ის იქნება რიგითი სახელმწიფო. მან ეს ახსნა იმით, რომ უკრაინას აქვს მნიშვნელოვანი გეო-სტრატეგიული მდებარეობა ევროპასა და რუსეთს შორის და მის ტერიტორიაზე გადის მნიშვნელოვანი გაზსადენები და ნავთობსადენები, რაც აკავშირებს უკრაინისა და სხვა ქვეყნების ენერგოსისტემებს. უკრაინაზე კონტროლი ნიშნავს ძალაუფლების განმტკიცებას.
ამ ომის მიზეზების კვლევისას მეორე ფაქტორია ის, რომ უკრაინას მართავს პუტინისთვის მიუღებელი პროდასავლური ხელისუფლება. რუსეთს სურდა კიევის აღება და უკრაინის პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლა. უკრაინას დარჩებოდა ნომინალური დამოუკიდებლობა და ის იქნებოდა რუსეთზე დამოკიდებული, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. აქ კიდევ ერთი ფაქტორია, რუსეთში ისევ მიაჩნიათ, რომ უკრაინელები მათი მონათესავე ხალხია. მაგალითად, ცნობილი რუსი მწერალი ალექსანდრე სოლჟენიცინი წერდა, რომ რუსეთმა საბჭოთა კავშირის დაშლისას შესაძლოა, დათმოს სხვა რესპუბლიკები, მაგრამ არა ბელორუსი და უკრაინა. ეს ქვეყნები უნდა შევიდნენ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში.
ET: 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტის რიტორიკაში ჩანდა, რომ გარკვეულწილად ჰქონდა უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის მოლოდინი...
კრემლი მიიჩნევდა, რომ რადგან 2014 წელს დაიკავა ყირიმი, უკრაინაში მოსახლეობა მხარს დაუჭერდა. ამასთან რუსეთს სურდა, რომ ვიდრე ევროპა და ამერიკა განიმტკიცებდა თავის პოზიციებს უკრაინაში, თავად გაეკეთებინა ეს. და კიდევ, ერთ-ერთი საკვანძო საკითხია ამ ომში მარიუპოლი. რუსეთს სურს, დაიკავოს აზოვი და შავი ზღვა. რამდენჯერმე დაბომბა ოდესა, მაგრამ საბედნიეროდ ვერ დაამყარა კონტროლი. რუსებს სურთ, რომ მთლიანად გააკონტროლონ აზოვისა და შავი ზღვა და სრულად განიმტკიცონ პოზიციები ამ აკვატორიაში.