უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები, ზაზა ბიწაძე და ალექსანდრე ცაავა საქართველოში ჩამოასვენეს.
დაღუპული სამხედროებისთვის პატივის მისაგებად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გარდაცვლილთა ოჯახის წევრები, ახლობლები და რიგითი მოქალაქეები შეიკრიბნენ.
ქართველი მებრძოლები 16 აპრილს დაიღუპნენ. ისინი აფეთქებას ემსხვერპლნენ, როცა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის, არკადი კასრაძის ცხედრის გამოყვანას ცდილობდნენ.
უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ბრძოლაში 16 აპრილს დაღუპული ქართველი მებრძოლი არკადი კასრაძე სამშობლოში 23 აპრილს ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არკადი კასრაძის ცხედარს საქართველოსა და უკრაინის დროშებით, ანთებული სანთლებით ხელში დახვდნენ.
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.
12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.