ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის ტერიტორიების გათავისუფლება დამოკიდებული იქნება საჭირო იარაღის მიწოდების ტემპზე

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიების გათავისუფლება დამოკიდებული იქნება საჭირო იარაღის მიწოდების ტემპზე. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ბოლო დროს საგრძნობლად დაჩქარდა დასავლელი პარტნიორების მხრიდან უკრაინისათვის საჭირო იარაღის მიწოდების ტემპი.

„მტერმა თითქმის კიევამდე მოაღწია და სასტიკი ბრძოლები იყო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენი ტერიტორიის დეოკუპაცია მოვახერხეთ. ჩემი პოზიცია მარტივია: ყველაფერს აუცილებლად დავიბრუნებთ, რასაც ისინი იკავებენ და ეს არ არის 10 და 20 წლის გეგმა და არა 8-წლიანი ომი, რომელიც 2014 წლიდან დღემდე მიმდინარეობს. ეს საკითხი ძალიან სწრაფად მოგვარდება, თუმცა იმ პირობით, თუ საკმარისი იარაღი გვექნება.

როგორც კი საკმარისი რაოდენობის იარაღი გვექნება, მაშინვე დავიბრუნებთ ამა თუ იმ ტერიტორიას, რომელიც დროებით არის ოკუპირებული. სამწუხაროდ, შეიძლება, რომ რუსეთის შეიარაღებული ჯგუფების გამო რაღაც ტერიტორიები ყოველდღიურად დავთმოთ, მაგრამ იმავე ღამით ან მეორე დღეს ამ ქალაქებს ვაბრუნებთ და წინ მივიწევთ. წინ არ მივდივართ იქ, სადაც არ შეგვიძლია, სადაც არ არსებობს ის მხარდაჭერა, რომელზეც ჩვენ საკმაოდ დიდი ხანია, საჯაროდ ვსაუბრობთ ჩვენს პარტნიორებთან“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.


2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.