ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ შაბათს განაცხადა, რომ ის ცდილობს უზრუნველყოს სპეციალური სადამკვირვებლო მისიის (SMM) თანამშრომლების გათავისუფლება, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში დააკავეს.
„ეუთო უკიდურესად შეშფოთებულია იმით, რომ მისიის რამდენიმე წევრს თავისუფლება აღუკვეთეს დონეცკსა და ლუჰანსკში. ეუთო იყენებს ყველა ხელმისაწვდომ არხს, რათა ხელი შეუწყოს თავისი პერსონალის გათავისუფლებას", - უთხრა ეუთოს ოფისის წარმომადგენელმა Reuters-ს.
მნამდე, ეუთოში ბრიტანეთის ელჩის მოადგილე, დეიდრა ბრაუნმა რუსეთი გააკრიტიკა იმის გამო, რომ მისიას მარტის შემდეგ უკრაინაში მანდატის გაგრძელებაზე უარს ეუბნება.
„ახლა ჩვენ მივიღეთ შემაშფოთებელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის მარიონეტები დონბასში ემუქრებიან მისიის პერსონალს, აღჭურვილობას და შენობებს და რომ რუსულმა ძალებმა ტყვედ აიყვანეს SMM-ის თანამშრომლები“, - განაცხადა ბრაუნმა მიმართვაში, რომელიც ბრიტანეთის მთავრობამ გაავრცელა.
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.
12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.