უკრაინა იმედგაცრუებულია, რადგან ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობებს ავსტრიის წინააღმდეგობა შეხვდა. ამის შესახებ BBC წერს. კიევმა შენიშვნებს „სტრატეგიულად შორსმჭვრეტელი" უწოდა.
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრ შალენბერგი მიიჩნევს, რომ უკრაინას უახლოეს მომავალში ევროკავშირში გაწევრიანება არ უნდა შესთავაზონ.
კერძოდ, მინისტრი მიიჩნევს, რომ უკრაინას არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი ივნისში, როგორც ამას პრეზიდენტი ზელენსკი მოელის. მან თავისი პოზიცია იმით დაასაბუთა, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა კანდიდატობამდე გაცილებით გრძელი გზა გაიარეს. ავსტრიულ გამოცემა Heute-ს მოჰყავს შალენბერგის სიტყვები, რომ უკრაინა არც მომავალში უნდა გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ის მხარს უჭერს სხვა გზას, რომლის თანახმად, უკრაინას შეუძლია შეუერთდეს ევროკავშირის ერთიან ეკონომიკურ ზონას ან უბრალოდ შეინარჩუნოს ასოცირების შეთანხმების არსებული დონე.
მანამდე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ერთ-ერთ ინტერვიუში არ დააკონკრეტა, ეთანხმება თუ არა ევროკავშირის ყველა ქვეყანა უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივას.
28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ევროკომისიის პრეზიდენტმა, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის 8 აპრილს გადასცა კითხვარი, რომელიც პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიტერიუმებს მოიცავს. დოკუმენტის მეორე ნაწილი, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობის იმპლემენტაციას ასახავს, უკრაინას 13 აპრილს წარედგინა. ევროკომისიამ დაიწყო კითხვარის პირველი ნაწილის პასუხების შეფასება, რომელიც უკრაინისგან 17 აპრილს მიიღო.
ამავე თემაზე