ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით საპრეზიდენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონმა 58%-ით გაიმარჯვა

ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით 58%-ით საფრანგეთში, საპრეზიდენტო არჩევნებში ცენტრისტმა ემანუელ მაკრონმა გაიმარჯვა. შესაბამისად, მისმა კონკურენტმა, ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, მარინ ლე პენმა 42% მიიღო. ამის შესახებ BBC წერს. 

საარჩევნო უბნები საფრანგეთის დროით 20:00-ზე დაიხურა. თუ საბოლოო შედეგები, ეგზიტპოლის წინასწარ მონაცემებს დაემთხვევა, მაკრონი ბოლო 20 წელიწადში პირველი პრეზიდენტი იქნება, რომელიც ქვეყანას მეორე ვადით უხელმძღვანელებს.

ემანუელ მაკრონი საფრანგეთის პრეზიდენტად 2017 წელს აირჩიეს. მისი თქმით, მისი ყველაზე დიდი მიღწევა უმუშევრობის და გადასახადების შემცირებაა, ასევე, ეროვნული უსაფრთხოებისთვის ხარჯების ზრდა.


საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დღეს დაუპირისპირდნენ.  10 აპრილს არჩევნების პირველ ტურში 44 წლის მაკრონი ლიდერობდა ხმების 27,8%-ით. France24 წერს, რომ პროევროპელი მოქმედი პრეზიდენტი მიზნად ისახავს, გახდეს პირველი პრეზიდენტი ჟაკ შირაკის შემდეგ, რომელმაც ხელახალი არჩევნები მოიგო.

ლე პენი, რომელმაც პირველ ტურში ხმების 23,1% მიიღო, საპრეზიდენტო არჩევნებში მესამედ იყრის კენჭს. 53 წლის ნაციონალისტი ლიდერი იმედოვნებს, რომ გახდება პირველი ქალი, ვინც ამ თანამდებობას დაიკავებს.


 საფრანგეთი პრეზიდენტს პირდაპირი საყოველთაო კენჭისყრით, 5-წლით ირჩევს.


 ამავე თემაზე