სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში რუსეთის საჰაერო იერიშებზე: ასე ესმის რუსეთს აღდგომის სასწაული და მადლი

„აი, ეს არის რუსეთის გაგება აღდგომის სასწაულისა და მადლის …. აღდგომა დღეს უკრაინაში მთელ ტერიტორიაზე გაისმა განგაშის ზარი“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თავის Facebook-ზე და აზიარებს გამოცემა NEXTA-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საჰაერო განგაშის სიგნალების უკრაინის მთელ ტერიტორიაზე გავრცელების შესახებ.

გამაფრთხილებელი სირენა ავია და სარაკეტო იერიშების მაუწყებელია.


რუსეთმა უარი თქვა გაეროს გენერალური მდივნის წინადადებაზე, გამოცხადებულიყო დროებითი სააღდგომო ზავი და როგორც კიევი იუწყება, აღდგომის დღესასწაულის მიუხედავად, დამპყრობლები განაგრძობენ აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს.

დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პავლო კირილენკოს ცნობით, 24 აპრილს, აღდგომის დღესასწაულზე, რუსმა ოკუპანტებმა, დაბომბვის შედეგად, ოჩერეტინსკში, 14 და 5 წლის გოგოების სიცოცხლე იმსხვერპლეს. მანამდე გავრცელდა ოფიციალური ცნობა, რომ უკრაინაში ომს უკვე შეეწირა 213 ბავშვის სიცოცხლე.

23 აპრილს გვიან საღამოს, რუსეთის არმიამ რაკეტები დაუშინა ოდესას. ერთ-ერთი რაკეტა საცხოვრებელ სახლს მოხვდა და, სულ ცოტა, 8 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არის სამი თვის ბავშვი.


2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.


ასევე წაიკითხეთ