უკრაინა: ოდესაში, საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის სარაკეტო დარტყმას დედა-შვილის სიცოცხლე შეეწირა

უკრაინის ოფიციალური პირების ცნობით, საპორტო ქალაქ ოდესაში საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის სარაკეტო დარტყმისას რვა ადამიანი დაიღუპა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დაღუპულთა შორის არიან დედა და მისი სამი თვის შვილი. 

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ბავშვი, რომელიც გარდაიცვალა, მხოლოდ ერთი თვის იყო, როცა ომი დაიწყო. შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქზე თავდასხმა აღდგომის კვირაში, 23 აპრილს განხორციელდა. კიევის მეტროში გამართული პრესკონფერენციის დროს, ზელენსკიმ მათ, ვინც ოდესაში თავდასხმა დაგეგმეს და განახორციელეს, „ნაბიჭვრები" უწოდა.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, მათი “სამიზნე იყო ლოგისტიკური ტერმინალი სამხედრო აეროდრომზე, სადაც ინახებოდა აშშ-დან და ევროპიდან მიღებული შეიარაღება“.

შეგახსენებთ, ოდესაში რუსული საჰაერო იერიშისას, 5 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა. უკრაინის საჰაერო სარდლობა 23 აპრილს იუწყებოდა, რომ ორი რაკეტა ოდესაში მდებარე სამხედრო ობიექტსა და ორ საცხოვრებელ კორპუსს დაეცა. საჰაერო თავდაცვამ კი, კიდევ ორი რუსული რაკეტა გაანადგურა.

თავის მხრივ, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველის ანტონ გერაშჩენკოს ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ოდესაში სულ მცირე ექვსი ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს. გერაშჩენკოს ცნობით, რუსული საჰაერო თავდასხმისას საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა, ერთი ადამიანი, ერთ-ერთი შენობის ეზოში, საკუთარ მანქანაში დაიწვა. შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქზე თავდასხმა აღდგომის კვირაში, 23 აპრილს განხორციელდა.


დღეს კიევს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ეწვევა. ამერიკულ დელეგაციაში ასევე იქნება აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინც. ომის დაწყების შემდეგ, ეს უკრაინაში ამერიკელი მაღალჩინოსნების პირველი ვიზიტია.

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.


ამავე თემაზე