საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, ემანუელ მაკრონთან პირველი სატელეფონო საუბარი გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„კანცლერმა შოლცმა დაურეკა პრეზიდენტს მისალოცად. ეს იყო პრეზიდენტის პირველი ზარი, რაც ფრანკო-გერმანული მეგობრობის ნიშანია“, – წერია ელისეს სასახლის განცხადებაში.
საფრანგეთის პრეზიდენტი, უკვე მეორე ვადით, კვლავ ემანუელ მაკრონი იქნება. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა ხმათა 58.55% მიიღო, მისმა მეტოქე მარინ ლე პენმა - 41.45%.
„ვიქნები ყოველი თქვენგანის პრეზიდენტი. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც პირველ და მეორე ტურში ნდობა გამომიცხადა“, - მიმართა თანამოქალაქეებს ემანუელ მაკრონმა.
ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, მარინ ლე პენმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები აღიარა.