მაკრონის ხელახალი არჩევის შემდეგ, საფრანგეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს - მედია

საფრანგეთი გაზრდის სანქციებით ზეწოლას რუსეთზე, მაგრამ მთავრობა უნდა იყოს გამჭვირვალე ფრანგ ხალხთან და აუხსნას, რა გავლენას ახდენს ეს ზომები მათ ცხოვრებაზე. ამის შესახებ საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრი კლემან ბონი CNN-ს ესაუბრა.

კითხვას, შეძლებს თუ არა ხელახლა არჩეული პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, შეინარჩუნოს საზოგადოების მხარდაჭერა, თუ გააგრძელებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას, რადგან ეს გავლენას ახდენდა ხალხის კეთილდღეობაზე, ბონმა უპასუხა, რომ სიტუაცია არ იყო მარტივად გამოსასწორებელი.

მან აღნიშნა, რომ სანქციებმა არ შეიძლება, გავლენა არ იქონიოს საფრანგეთის მოქალაქეების ცხოვრებაზე, მაგრამ მაინც, რუსეთის სანქციები უნდა გამკაცრდეს.

„რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, არის სანქციების გაზრდა, რადგან ომი ჯერ კიდევ გრძელდება. ჩვენ უნდა დავიცვათ განსაკუთრებით ღარიბი ხალხი ამ გაზრდილი სურსათის ფასებისგან, ენერგიის ფასებისგან. ასე რომ, ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან გამჭვირვალე და ძალიან მკაფიო: ჩვენ დავიცავთ მათ, მაგრამ არ არის მართალი, რომ შეიძლება ჰქონდეთ მარტივი სიტუაცია, როდესაც ჩვენ ვახორციელებთ ზეწოლას რუსეთზე და თითქოს, ეს არ მოახდენს გავლენას მათზე“, - განაცხადა ბონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტი, უკვე მეორე ვადით, კვლავ ემანუელ მაკრონი იქნება. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა ხმათა 58.55% მიიღო, მისმა მეტოქე მარინ ლე პენმა - 41.45%.


2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.