დონალდ ტრამპი: ბაიდენმა ვლადიმერ პუტინის ბირთვულ მუქარას მკაცრი პასუხი უნდა გასცეს

"ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინის ბირთვულ მუქარას მკაცრი პასუხი უნდა გასცეს", - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„პუტინი ყოველთვის იყენებს სიტყვა ბირთვულს, მაგრამ ეს არ მუშაობს, უბრალოდ არ მუშაობს. თუმცა, ის იყენებს ამ სიტყვას ყოველდღიურად. ბაიდენმა მას უნდა უპასუხოს, რომ ჩვენ გვაქვს საუკეთესო იარაღი და ისტორიაში საუკეთესო წყალქვეშა ძალა. მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ვიტყოდი, რომ ჩვენ რუსეთზე ბევრად ძლიერები ვართ. ამიტომ აღარასოდეს უნდა გამოიყენონ სიტყვა „ბირთვული იარაღი“, - განაცხადა ტრამპმა.


17 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მსოფლიო მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ პუტინმა შესაძლოა, ბირთვული იარაღი გამოიყენოს.

მანამდე იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ აშშ-ს ელჩთან ჰიროსიმაში შეხვედრისას აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების პერსპექტივა "სულ უფრო რეალური" ხდება.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა ის ოთხი შემთხვევა დაასახელა, რა დროსაც რუსეთმა შეიძლება „ბირთვული იარაღი“ გამოიყენოს. 

22 მარტს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთის ფედერაციას შეუძლია ბირთვული იარაღის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანას „ეგზისტენციალური საფრთხე“ დაემუქრება. ამის შესახებ მან  ამერიკულ ტელეკომპანია CNN-ს დღეს ვრცელი ინტერვიუ მისცა.


შეგახსენებთ, უკრაინაში ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს, 27 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შემაკავებელი ძალების სპეციალურ საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმზე გადასვლის შესახებ ბრძანება გასცა. მოგვიანებით, რიგმა ექსპერტებმა განმარტეს, რომ ეს რუსეთის სტრატეგიული სარაკეტო ძალებისთვის მზადყოფნის უმაღლესი დონეა. რუსეთის პრეზიდენტმა სამხედრო მაღალჩინოსნებთან საუბრისას განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები რუსეთს „არამეგობრულად მოექცნენ" და უკანონო სანქციები დააწესეს. მალევე, გაეროში აშშ-ის ელჩმა პუტინის გადაწყვეტილებას „მიუღებელი“ უწოდა.


ასევე წაიკითხეთ