„გაზპრომმა“ პოლონეთს გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ აცნობა

პოლონეთის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანია PGNiG-მ განაცხადა, რომ „გაზპრომი“ 27 აპრილიდან პოლონეთისთვის მთლიანად შეაჩერებს გაზის მიწოდებას.

„PGNiG-მა მიიღო წერილი „გაზპრომისგან“ იამალის კონტრაქტით გაზის მიწოდების სრული შეჩერების შესახებ“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნდა მის ვებგვერდზე. PGNiG-მა უარი თქვა რუსული გაზის მიწოდების საფასურის გადახდაზე რუბლებში სავალდებულო კონვერტაციით, წერს „ინტერფაქსი“, კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით.

„გაზპრომ ექსპორტი“ მიწოდებას 27 აპრილს მოსკოვის დროით 9:00 საათზე შეწყვეტს. რუსული კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ მიწოდება შეჩერდება დროზდოვიჩის, ვისოკოეს, ტეტეროვკასა და კონდრატკის მიწოდებისა და მიღების პუნქტებით, ანუ რუსული გაზის პოლონეთში შესვლის ყველა პუნქტით. PGNiG-ის თქმით, მიწოდების შეჩერება არღვევს ხელშეკრულებას და კომპანია „გადადგამს შესაბამის ზომებს ბუნებრივი აირის მიწოდების აღსადგენად“.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში PGNiG-ის მიერ იმპორტირებული გაზის 53% „გაზპრომმა“ მიაწოდა. პოლონეთის მთავრობამ განაცხადა, რომ მზად არის რუსეთიდან გაზის მიწოდების ნებისმიერი შეფერხებისთვის.


1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვს. ამისთვის უცხოელმა მყიდველებმა უნდა გახსნას ანგარიში „გაზპრომბანკში“. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება“.

ევროკომისიამ მიიჩნია, რომ რუსეთის მიერ ამ მოთხოვნების შესრულება სანქციების დარღვევა იქნებოდა. 2019 წლის ნოემბერში PGNiG-მა აცნობა „გაზპრომს“ და „გაზპრომ ექსპორტს“, რომ არ აპირებდა გაზის შესყიდვის ხელშეკრულების განახლებას, რომელიც სრულდება 2022 წლის 31 დეკემბერს. კომპანიამ ეს გადაწყვეტილება პოლონეთის ხელისუფლების სურვილით ახსნა და ენერგომომარაგების უსაფრთხოებით.

ვარშავა ელოდება, რომ „გაზპრომიდან“ გაზის მიწოდებას, ჩაანაცვლებს Baltic Pipe გაზსადენით, რომელიც ბუნებრივ აირს ნორვეგიიდან პოლონეთში გადაიტანს. მისი ექსპლუატაცია 2022 წლის პირველ ოქტომბერს იგეგმება.


 მანამდე, პოლონეთის ხელისუფლებამ დაამტკიცა სანქციების პირველი სია, რომელშიც შესულია რუსული „გაზპრომი“ და რიგი რუსი და ბელორუსი ოლიგარქები - სულ 50 იურიდიული და ფიზიკური პირი. 


ასევე წაიკითხეთ