დნესტრისპირეთში აფეთქებების სერიის შემდეგ, მოლდოვამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა

სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში აფეთქებების სერიის შემდეგ, მოლდოვამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა. ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა.

„ჩვენი ანალიზი აჩვენებს, რომ სხვადასხვა ძალას შორის რეგიონის შიგნით არსებობს დაძაბულობა და სიტუაციის დესტაბილიზაციის ინტერესი. ეს კი დნესტრისპირეთის რეგიონს მოწყვლადს ხდის და მოლდოვის რესპუბლიკას საფრთხეს უქმნის. ჩვენ ვგმობთ ნებისმიერ გამოწვევას და მცდელობას, რომ მოლდოვა ჩათრეული იყოს ისეთ ქმედებებში, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას დაემუქრება“, - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

25 აპრილს, დღის მეორე ნახევარში ტირასპოლში ე.წ. „სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს“ შენობაში აფეთქებები მოხდა, ხოლო 26 აპრილს კი, ტელეანძა ააფეთქეს.


უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, დნესტრისპირეთში მომხდარი აფეთქებები რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა. დნესტრისპირეთში მომხდარი აფეთქებების გამო მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ უშიშროების საბჭო მოიწვია. მოლდოვის პრეზიდენტმა 26 აპრილს განაცხადა, რომ დნესტრისპირეთში დაძაბულობაა სხვადასხვა ძალას შორის, რომელთაც სიტუაციის დესტაბილიზაცია სურთ.

ამჟამად დნესტრისპირეთში 1400-მდე რუსი სამხედრო იმყოფება. 1990 წელს, ადგილობრივი სეპარატისტების მიერ დნესტრისპირეთის „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ გამოცხადებას, მოლდოვის არმიასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა.


ინფორმაციისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზონად გამოაცხადა. ეს პირველი ოფიციალური დოკუმენტია, რომელშიც დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად იქნება მოხსენიებული.

ასევე წაიკითხეთ