მაია სანდუ: დნესტრისპირეთში დაპირისპირებულ ძალებს დესტაბილიზაცია სურთ

დნესტრისპირეთში დაძაბულობაა სხვადასხვა ძალას შორის, რომელთაც სიტუაციის დესტაბილიზაცია სურთ. ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა.

„ჩვენი ამჟამინდელი ანალიზი აჩვენებს, რომ დნესტრისპირეთში დაძაბულობაა სხვადასხვა ძალას შორის, რომლებიც სიტუაციის დესტაბილიზაციით არიან დაინტერესებული. ეს დნესტრისპირეთს საფრთხეში აგდებს და საფრთხის წინაშე აყენებს მოლდოვას. ვგმობთ ნებისმიერ გამოწვევასა და მოლდოვას ამ  ქმედებებში ჩათრევის მცდელობას, რომლებმაც, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ქვეყანაში მშვიდობას", – თქვა მაია სანდუმ.

მოლდოვის ხელისუფლება არ აპირებს დნესტრისპირეთის ბლოკირებას და პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაჭრა სურთ. სანდუ არ გეგმავს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების წარმოებას. მოლდოვის პრეზიდენტმა ასევე დაადასტურა, რომ დნესტრისპირეთში, ტირასპოლის აეროდრომთან აფეთქება მოხდა.


ცნობისათვის, 25-26 აპრილს მოლდოვაში სამი აფეთქება მოხდა. პირველად ყუმბარმტყორცნიდან სეპარატისტული რეგიონის ე.წ. უსაფრთხოების სამინისტროს შენობას ესროლეს. ამას მოჰყვა ტირასპოლის მახლობლად მყოფ სოფელში სამხედრო ნაწილში მომხდარი აფეთქება, შემდეგ კი მაიაკის დასახლებასთან რადიოგადამცემი ხაზების აფეთება მოხდა.

25 აპრილს მოლდოვის რეინტეგრაციის ბიურო გამოეხმაურა სეპარატისტულ რეგიონში მომხდარ პირველ შემთხვევას და ინციდენტის მიზნად სიტუაციის გამწვავების საბაბის შექმნა დაასახელა. მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ, დნესტრისპირეთის გარშემო არსებულ დაძაბულობასთან დაკავშირებით, უშიშროების საბჭო მოიწვია.


1992 წელს მოლდოვის რესპუბლიკაში დაიწყო დნესტრისპირეთის ომი. დნესტრისპირელ სეპარატისტებს, რომელთა უმრავლესობა ეთნიკური რუსი იყო, მხარს უჭერდა ყოფილი საბჭოთა კავშირის, შემდეგ კი უკვე რუსეთის მე-14 არმია. რუსი სამხედროები დნესტრისპირეთში დღესაც დგანან. სეპარატისტული რეგიონი უკრაინას ესაზღვრება. დნესტრისპირეთის კონფლიქტი უკვე რამდენიმე წელია, რაც გაყინულ კონფლიქტად ითვლება.


ასევე წაიკითხეთ