ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთს არ აქვს უფლება, გადააქციოს ბირთვული ენერგია იარაღად და აშანტაჟოს მსოფლიო მისი გამოყენებით

"რუსეთს არ აქვს უფლება მსოფლიო ბირთვული იარაღით აშანტაჟოს", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა კიევში, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

"ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთს არ აქვს უფლება გადააქციოს ბირთვული ენერგია იარაღად და აშანტაჟოს მსოფლიო ბირთვული იარაღის გამოყენებით. მსოფლიოს მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებს კატასტროფისგან“, - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 26 აპრილს თქვა, რომ ბირთვული ომის საფრთხე „რეალურია“.


17 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მსოფლიო მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ პუტინმა შესაძლოა, ბირთვული იარაღი გამოიყენოს.

მანამდე იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ აშშ-ს ელჩთან ჰიროსიმაში შეხვედრისას აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების პერსპექტივა "სულ უფრო რეალური" ხდება.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა ის ოთხი შემთხვევა დაასახელა, რა დროსაც რუსეთმა შეიძლება „ბირთვული იარაღი“ გამოიყენოს.

22 მარტს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთის ფედერაციას შეუძლია ბირთვული იარაღის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანას „ეგზისტენციალური საფრთხე“ დაემუქრება. ამის შესახებ მან  ამერიკულ ტელეკომპანია CNN-ს დღეს ვრცელი ინტერვიუ მისცა.


შეგახსენებთ, უკრაინაში ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს, 27 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შემაკავებელი ძალების სპეციალურ საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმზე გადასვლის შესახებ ბრძანება გასცა. მოგვიანებით, რიგმა ექსპერტებმა განმარტეს, რომ ეს რუსეთის სტრატეგიული სარაკეტო ძალებისთვის მზადყოფნის უმაღლესი დონეა. რუსეთის პრეზიდენტმა სამხედრო მაღალჩინოსნებთან საუბრისას განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები რუსეთს „არამეგობრულად მოექცნენ" და უკანონო სანქციები დააწესეს. მალევე, გაეროში აშშ-ის ელჩმა პუტინის გადაწყვეტილებას „მიუღებელი“ უწოდა.


     ასევე წაიკითხეთ