"უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გამოჩნდა მტკიცებულებები იმაზე, რომ კოორდინირებული ძალისხმევა მიმდინარეობდა, რომლის მთავარი მიზანი საქართველოს, როგორც სახელმწიფოს და მისი ხალხის საომარ მოქმედებებში ჩათრევა იყო", - ამის შესახებ კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
„ბოლო დღეების განმავლობაში ბატონი არესტოვიჩის განცხადებების კასკადი ერთსა და იმავეს ადასტურებს. კერძოდ, როდესაც ჩვენ ვაცხადებდით, რომ კოორდინირებული ძალისხმევა იყო სახეზე, რომლის მთავარი მიზანი გახლდათ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს და მისი ხალხის საომარ მოქმედებებში ჩათრევა, თუ ეს მხოლოდ ჩვენი ხელისუფლების განცხადებად რჩებოდა თებერვალში, უკვე მარტში უკრაინის ხელისუფლების მაღალი წარმომადგენლების მხრიდან გამოჩნდა პირველი დამადასტურებელი მტკიცებულებები. ბოლო დღეებში კი ყველასათვის აშკარაა, რომ ჩვენი განცხადება ამასთან დაკავშირებით იყო რეალური.
კოორდინირებული ძალისხმევა, რომლის, ჟარგონზე ვიტყვი, გაშიფვრაც ახლა მიმდინარეობს, თუ რა იდგა ამ ყველაფრის უკან, იყო რეალურ ფაქტებზე დამყარებული. კერძოდ, ჩვენ ვამბობდით, რომ საქართველოს სულ მცირე აგრესიულ, საომარ ვერბალურ პოლიტიკაში და პროცესში ჩართვა იყო მიზანი ამ კოორდინირებული ძალისხმევისა. რასაკვირველია, ამ ძალისხმევის მთავარი მიზანი გახლდათ, საქართველოში ამტყდარიყო ომი. ეს ასე ვერ მოხდა, ასე ვერ მოხდება, ვინაიდან ჩვენ არ ვართ ის ადამიანები, რომლებიც უნდათ, რომ ვიყოთ. სამწუხაროდ, ამ კოორდინირებულ ძალისხმევაში ჩართული აღმოჩნდა უკრაინული მხარე, ხოლო საქართველოში „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც უკრაინაშიც მყარად აქვს ფესვები გადგმული“, – განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ მოლდოვისა და საქართველოს ხელმძღვანელობა არ არიან ომის ადამიანები.
"მოლდოვისა და საქართველოს ხელმძღვანელობა არ არიან ომის ადამიანები, სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება, თუმცა არა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას", - განაცხადა არესტოვიჩმა.
17 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მსოფლიო მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ პუტინმა შესაძლოა, ბირთვული იარაღი გამოიყენოს.
მანამდე იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ აშშ-ს ელჩთან ჰიროსიმაში შეხვედრისას აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების პერსპექტივა "სულ უფრო რეალური" ხდება.
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა ის ოთხი შემთხვევა დაასახელა, რა დროსაც რუსეთმა შეიძლება „ბირთვული იარაღი“ გამოიყენოს.
22 მარტს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთის ფედერაციას შეუძლია ბირთვული იარაღის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანას „ეგზისტენციალური საფრთხე“ დაემუქრება. ამის შესახებ მან ამერიკულ ტელეკომპანია CNN-ს დღეს ვრცელი ინტერვიუ მისცა.
შეგახსენებთ, უკრაინაში ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს, 27 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შემაკავებელი ძალების სპეციალურ საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმზე გადასვლის შესახებ ბრძანება გასცა. მოგვიანებით, რიგმა ექსპერტებმა განმარტეს, რომ ეს რუსეთის სტრატეგიული სარაკეტო ძალებისთვის მზადყოფნის უმაღლესი დონეა. რუსეთის პრეზიდენტმა სამხედრო მაღალჩინოსნებთან საუბრისას განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები რუსეთს „არამეგობრულად მოექცნენ" და უკანონო სანქციები დააწესეს. მალევე, გაეროში აშშ-ის ელჩმა პუტინის გადაწყვეტილებას „მიუღებელი“ უწოდა.
ასევე წაიკითხეთ:
- თეა წულუკიანი: უკრაინაში დელეგაციის ვიზიტით ბევრი გაუგებრობა გაიფანტა
- რუსლან სტეფანჩუკი: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი სოლიდარობისა და მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გამოვლინებაა
- თეა წულუკიანი: ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გამომდინარეობს პირველ რიგში ჩვენი ხალხის ინტერესიდან