NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა საქართველოში სომხეთიდან ჩამოვიდა. თბილისიდან ის აზერბაიჯანში მიემგზავრება. ანალოგიური ტურნე ჰქონდა მას 2021 წელსაც, როდესაც ოქტომბერში სტუმრობდა საქართველოს.
ხავიერ კოლომინამ 27 აპრილს პარლამენტში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა, რომ დისკუსიების დიდი ნაწილი უკრაინაში რუსეთის ომს ეთმობა.
„რა თქმა უნდა, ჩემი შეხვედრების დიდი ნაწილი ეთმობა რუსეთის ომს უკრაინაში, რომელმაც ფუნდამენტურად შეცვალა ის კონტექსტი, რომელშიც ვიმყოფებით. ეს გახლავთ დრამატული და ტექტონიკური ცვლილება ყველასთვის და საჭიროა ადაპტაცია, რასაც NATO აკეთებს. ერთ-ერთი პასუხია მხარდაჭერის და თანამშრომლობის გაძლიერება ყველა პარტნიორთან, განსაკუთრებით კი იმ პარტნიორებთან, როლებიც ჩვენი აზრით, შეიძლება, ყველაზე მეტად დააზარალოს საფრთხემ, რომელსაც რუსეთი წარმოადგენს“, - – განაცხადა ხავიერ კოლომინამ მედიასთან.
მისივე თქმით, მადრიდის სამიტზე უნდა ველოდოთ გადაწყვეტილებებს, რომლითაც გაზრდება მხარდაჭერა და ის საქართველოს საჭიროებებზე იქნება მორგებული.
„შეხვედრა მქონდა პარლამენტის სპიკერთან, შემდეგ კი, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტთან. ორივე შეხვედრა ძალიან კარგად წარიმართა. ჩვენ ვისაუბრეთ უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე, ასევე, იმ პოლიტიკურ საკითხებზე, რის შესახებაც თქვენი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ვსაუბრობთ. თქვენ იცით, რომ NATO-სა და საქართველოს ძალიან კარგი ურთიერთობები აქვთ. ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს, როგორც პარტნიორს, გვაქვს ბრწყინვალე პრაქტიკული თანამშრომლობა. ის ინსტრუმენტები, რასაც თქვენ ფლობთ, არის ის ძირითადი ინსტრუმენტები, რომლებსაც ასევე ფლობს NATO.
აღნიშნული ინსტრუმენტი უნიკალურია საქართველოსათვის. ჩვენ გასულ წლებში უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება და ამჟამად ვახორციელებთ ამ ინსტრუმენტების მიწოდებას საქართველოსათვის. ეს ის სპეციფიური საშუალებებია, რასაც ვფიქრობთ ჩვენი, რომ იმსახურებს საქართველო იმ ნდობის ხარისხის საფუძველზე, რაც არსებობს საქართველოსა და იმ ორგანიზაციას შორის, რომელსაც მე წარმოვადგენ. ჩვენ განვიხილეთ ყველა ამასთან დაკავშირებული საკითხი და ასევე შევეხეთ პოლიტიკურ დიალოგს, რაც თქვენი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გვაქვს“, - განაცხადა ხავიერ კოლომინამ.
შეგახსენებთ, NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი უკვე შეხვდა პრემიერ-მინისტრს, მანამდე, პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართა მოლაპარაკებები. უფრო ადრე კი, ხავიერ კოლომინას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს.
NATO-ს ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან ამბობს, რომ ხავიერ კოლომინას ვიზიტი საქართველოში, NATO-ს ოფიციალური პირების მხრიდან მათ ქართველ კოლეგებთან რეგულარული კონსულტაციების ნაწილია. ეს ვიზიტი ასახავს NATO-სა და საქართველოს შორის არსებულ ხანგრძლივ, მყარ პოლიტიკურ და პრაქტიკულ პარტნიორობას. NATO ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს განგრძობად წვლილს მაღალ შეფასებას აძლევს. საქართველოში ვიზიტამდე კოლომინა სომხეთში იმყოფებოდა, რის შემდეგაც აზერბაიჯანში მიემზგავრება.