აშშ-ის სახელმწიფო მდივანს სენატორმა კრის კუნსმა დაუსვა შეკითხვა, რომელიც საქართველოში, დაახლოებით ერთი კვირის წინ, ვიზიტით მყოფ კონგრესის დელეგაციას ხელმძღვანელობდა.
„მე ვიზიარებ თქვენს შეშფოთებას, რომელიც გამოხატეთ საქართველოსა და მოლდოვის მოწყვლად მდგომარეობასთან დაკავშირებით. ჩვენ მათთან ძალიან ახლოს ვმუშაობთ. მე ვიმყოფებოდი მოლდოვაში რამდენიმე კვირის წინ. მოსახლეობის, ლტოლვილებისა და მიგრაციის საკითხებში ჩვენი მდივანი ასევე იმყოფებოდა ადგილზე. ჩვენ, მოლდოვის მხარდასაჭერად დამატებით 100 მილიონი დოლარის დახმარება გამოვყავით.
არსებული ინიციატივა ითვალისწინებს პროგრამების დაფინანსებას რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის, კიბერუსაფრთხოების, ეკონომიკური სტაბილიზაციის დეზინფორმაციის წინააღმდეგ მედეგობის გაძლიერებას. ვცდილობთ, მათი ენერგეტიკული სისტემების ინტეგრაცია მოვახდინოთ ევროპასთან. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს მოლდოვის, ისევე როგორც უკრაინის ევროპის უსაფრთხოების ქსელთან დაკავშირებაში, თუმცა ამ მიმართულებით სამუშაო ისევ არის.
ჩვენ ასევე გვჭირდება მუშაობა, რომ გაეროს სააგენტოები მზად იყვნენ ლტოლვილების პოტენციურად უზარმაზარი, დამატებითი ნაკადისთვის მოლდოვაში. მათ უკვე მიიღეს მრავალი ადამიანი, ეს პატარა ქვეყანაა. თქვენ სწორად აღნიშნეთ (როდესაც საუბრობდით საქართველოსა და მოლდოვაზე. რედ), ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ ამ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რისკის ქვეშ არიან. ჩვენ ვნახეთ, დნესტრისპირეთში განვითარებული მოვლენები და ჩვენ მას ძალიან ფრთხილად ვაკვირდებით“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე გამოსვლისას.
ცნობისთვის, სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში აფეთქებების სერიის შემდეგ, მოლდოვამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა. აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.
12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.