კანადის თავდაცვის მინისტრმა ანიტა ანანდმა ხუთშაბათს ვაშინგტონში ვიზიტისას განაცხადა, რომ კანადელი სამხედროები უკრაინელებს ჰაუბიცების გამოყენებაში ამზადებენ. ამის შესახებ ანიტა ანანდმა აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. Reuters-ის ცნობით, მინისტრს არ უთქვამს, სად მიმდინარეობდა ეს წვრთნა.
მინისტრის თქმით, კანადა დიდი ხანია ჩართულია უკრაინის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის უზრუნველყოფის საკითხში, 2015 წლიდან კანადამ გაწვრთნა 33000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი. კანადა ასევე ამზადებს უკრაინელ ჯარისკაცებს M-777 ჰაუბიცების გამოყენებაში.
„შორი მოქმედების 90 ჰაუბიცის რაოდენობის ნახევარზე მეტი, რომელსაც აშშ უკრაინას უგზავნის, უკვე შეტანილია ქვეყანაში", - ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ 28 აპრილს განაცხადა.
„დღეს, სრული რაოდენობის დასახელების გარეშე გეტყვით, რომ ამ ჰაუბიცების ნახევარზე მეტი უკვე უკრაინაშია. ჰაუბიცების გამოყენების მიზნით მომზადება 50-მა უკრაინელმა გაიარა. ისინი ქვეყანაში დაბრუნდებიან და ცოდნას საკუთარ თანაგუნდელებს გაუზიარებენ“, - განაცხადა ჯონ კირბიმ.
ასევე წაიკითხეთ