ჯონ კირბი: ჰაუბიცების ნახევარზე მეტი, რომელიც აშშ-მ უკრაინისთვის გამოყო, უკვე ქვეყანაშია შეტანილი

"შორი მოქმედების 90 ჰაუბიცის რაოდენობის ნახევარზე მეტი, რომელსაც აშშ უკრაინას უგზავნის, უკვე შეტანილია ქვეყანაში", - ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

„დღეს, სრული რაოდენობის დასახელების გარეშე გეტყვით, რომ ამ ჰაუბიცების ნახევარზე მეტი უკვე უკრაინაშია.  ჰაუბიცების გამოყენების მიზნით მომზადება 50-მა უკრაინელმა გაიარა. ისინი ქვეყანაში დაბრუნდებიან და ცოდნას საკუთარ თანაგუნდელებს გაუზიარებენ“, - განაცხადა კირბიმ.

შეგახსენებთ, 19 აპრილს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ტელეკომპანია CNN-თან განაცხადა, რომ აშშ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, რათა უკრაინას იარაღი უპრეცედენტო სიჩქარით მიაწოდოს. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.


 ასევე წაიკითხეთ: