შვედეთი NATO-ში შესაძლო გაწევრიანებაზე რეფერენდუმის ჩატარებას არ გეგმავს

შვედეთის მთავრობა არ გეგმავს რეფერენდუმის ჩატარებას, თუ მისი პარლამენტი NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადის წარდგენას გადაწყვეტს, ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა.

პრემიერის თქმით, რეფერენდუმი "ცუდი იდეაა". „ეროვნული უსაფრთხოების შესახებ ბევრი ინფორმაციაა, რომელიც კონფიდენციალურია, ამიტომ, არის მნიშვნელოვანი საკითხები, მნიშვნელოვანი ფაქტები, რომელთა განხილვა ასეთი რეფერენდუმის დროს შეუძლებელია“, - განაცხადა მაგდალენა ანდერსონმა.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, რომელიც არ უჭერს მხარს ალიანსში მისი ქვეყნის გაწევრიანებას, ასევე უარყო ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების მოწოდებები.

20 აპრილს გაზეთ Aftonbladet-ში Demoskop-ის მიერ გამოქვეყნებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ შვედების 57% მხარს უჭერს NATO-ში გაწევრიანებას, მარტში ეს მაჩვენებელი 51% იყო.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, შვედეთმა და ფინეთმა გადახედეს დიდი ხნის განმავლობაში გავრცელებულ შეხედულებებს, რომ სამხედრო ნეიტრალიტეტი საუკეთესო საშუალებაა ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. შვედეთის პარლამენტის უმრავლესობა NATO-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს. შვედეთი და ფინეთი გადაწყვეტილებას უახლოეს რამდენიმე კვირაში მიიღებენ.


Reuters-ის ინფორმაციით, ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ოფიციალურად მაისის შუა რიცხვებში წარადგენენ. როგორც შვედური მედია წერს, აშშ და ბრიტანეთი დაპირდნენ ქვეყანას, რომ გაზრდიან სამხედრო წარმომადგენლობას, სამხედრო წვრთნების რაოდენობასა და პოლიტიკურ მხარდაჭერას NATO-ში გაწევრიანების შესაძლო პროცესის მიმდინარეობისას.


ასევე წაიკითხეთ