პრემიერ-მინისტრი IDS ბორჯომზე: აქტიურად ვმუშაობთ, მოქალაქეებს სასიამოვნო ინფორმაციას მალე ვეტყვით

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია IDS ბორჯომში განვითარებულ მოვლენებს დღეს, ქუთაისში ვიზიტისას მედიასთან გამოეხმაურა.

„ბოლო დღეებში გვესმის პრობლემა - მოგეხსენებათ, რომ ბორჯომის მესაკუთრე არის სანქცირებული. ჩვენ ახლა აქტიურად ვმუშაობთ. ამის თაობაზე ჩვენს მოქალაქეებს ძალიან მალე ვეტყვით სასიამოვნო ინფორმაციას. არ მინდა, დეტალებზე ვისაუბრო დღეს, მაგრამ იცოდეთ, რომ ჩვენ ყველა ამ პრობლემაზე, ამ საკითხზე ვმუშაობთ, რომ მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის ინტერესები“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.


29 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მინერალური და მტკნარი წყლების მწარმოებელი კომპანია IDS ბორჯომი წარმოებას დროებით აჩერებს. 


2013 წლიდან რუსული Alfa Group ფლობს IDS Borjomi International-ის საკონტროლო წილს. მისი დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის სანქციების სიაშია.

IDS Borjomi International, ბორჯომის გარდა, აწარმოებს ჩამოსხმულ წყალს ბრენდების Holy Spring და Edelweiss. უკრაინაში ომისა და მას შემდეგ დაწესებული სანქციების გამო, 750-ზე მეტმა უცხოურმა კომპანიამ შეაჩერა მუშაობა რუსულ ბაზარზე.