თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ანკარამ და რიადმა ორმხრივი ურთიერთობების უმაღლეს დონეზე განვითარებისთვის საერთო ნება გამოავლინეს. საუდის არაბეთიდან დაბრუნებისას რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი და საუდის არაბეთი მოწადინებულნი არიან, გააგრძელონ ეს ძალისხმევა საერთო ინტერესებისა და რეგიონის სტაბილურობისთვის. ინფორმაციას თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს.
ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ორმხრივი ძალისხმევა სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყანას და რეგიონს.
„მჯერა, რომ ჩემი ვიზიტი ორმხრივ ურთიერთობებში ახალი ეპოქის მაუწყებელია, - განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს.
საუდის არაბეთში ორდღიანი ვიზიტისას ერდოღანი საუდის არაბეთის მეფეს სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდს, ასევე, პრინც მუჰამედ ბინ სალმანს შეხვდა და სხვადასხვა საერთაშორისო, რეგიონული და ორმხრივი საკითხი განიხილა.
„ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ ერთობლივ ნაბიჯებზე, რომელთა გადადგმაც შეგვიძლია ჩვენი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად მომავალში... მე კიდევ ერთხელ დავაფიქსირე ჩვენი მხარდაჭერა საუდის არაბეთის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიმართ“, - განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობა ბოლო წლებში გაუარესდა, მაგრამ ორივე ქვეყანა ახლა ურთიერთობების განვითრებას ცდილობს.
ერდოღანი საუდის არაბეთს, ხაშოგის მკვლელობის შემდეგ პირველად ეწვია.