ილია დარჩიაშვილი: ვაგრძელებთ კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობას, რომელიც საკმაოდ მოცულობითია

ჩვენ ვაგრძელებთ კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობას, რომელიც საკმაოდ მოცულობითი და სექტორული შინაარსის არის, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის ელჩს, ბატონ კარლ ჰარცელს გადასცა გაწევრიანებასთან დაკავშირებული თვითშეფასების კითხვარი, რაც გახლავთ მნიშვნელოვანი ეტაპი მთელი იმ პროცესის, რომელიც იმედი მაქვს, რომ საქართველოსთვის წარმატებით დაგვირგვინდება. ეს გახლდათ საპასუხისმგებლო და შრომატევადი პროცესი, რომელშიც პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჩართული იყო ყველა სახელისუფლებო უწყება. ჩვენ ვაგრძელებთ კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობას, რომელიც საკმაოდ მოცულობითი და სექტორული შინაარსის არის. კითხვარის ამ ნაწილზე, ისევე როგორც მის პირველ ნაწილზე, მუშაობა დასრულდება ოპერატიულად და ევროკავშირს გადაეცემა დადგენილ ვადაზე ადრე“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა.


საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადაეცა.

3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. საქართველოს მთავრობამ 15 აპრილს გაასაჯაროვა ევროკომისიის 37-გვერდიანი კითხვარი, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე მოსაზრების მოსამზადებლად ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილი საქართველომ 13 მაისამდე უნდა დააბრუნოს.


 ამავე თემაზე