კარლ ჰარცელი: ევროკომისიის კითხვარი, არ არის 100-მეტრიანი სპრინტი, აქ მთავარია არა სისწრაფე, არამედ პასუხების ხარისხი

დარწმუნებული ვარ, მალე მივიღებთ ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილის პასუხებს, – ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისივე თქმით, აქვს მოლოდინი, რომ ევროკომისია საკუთარ მოსაზრებას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შესახებ მომდევნო თვეში წარადგენს.

„დიდი პატივი მერგო, რომ პრემიერ-მინისტრისგან კითხვარის პირველი ნაწილის პასუხები მივიღე და სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ნაწილიც დროულად იქნება მოწოდებული. დრო კარგად იყო დაცული. რაც შეეხება პროცესს, ეს პროცესი არ არის 100-მეტრიანი სპრინტი, აქ მთავარია არა სისწრაფე, არამედ  პასუხების ხარისხი. ასევე, ევროკომისიისგან იქნება ძალიან ობიექტური შეფასება პასუხებისა. ეს ეხება საქართველოს ერთგულებას ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებების მიმართ და მთავარ ეკონომიკურ კრიტერიუმს. რაც შეეხება ვადებს, მე ველოდები, რომ ევროკომისია მომდევნო თვეში წარადგენს მოსაზრებას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შესახებ“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

შეგახსენეთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა.


საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადაეცა.

3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. საქართველოს მთავრობამ 15 აპრილს გაასაჯაროვა ევროკომისიის 37-გვერდიანი კითხვარი, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე მოსაზრების მოსამზადებლად ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილი საქართველომ 13 მაისამდე უნდა დააბრუნოს.


ამავე თემაზე: