საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ისლანდიის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა.
საუბრის მთავარ თემას საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანება და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები წარმოადგენდა. შეხვედრას ესწრებოდა ისლანდიაში საქართველოს ელჩი, ნატა მენაბდე.
შეხვედრის შემდეგ, ისლანდიის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა, ტორგერდურ კატრინ გუნარსდოტირმა Facebook-ის გვერდზე დაწერა, რომ ისლანდია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას.
„საქართველო არის თავისუფალი და სუვერენული სახელმწიფო. როგორც საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებმა შეხვედრისას აღნიშნეს, საქართველოს მოსახლეობის 80%, ხელისუფლება თუ ოპოზიცია, მხარს უჭერს საკუთარი ქვეყნის ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებას. ეს არის ქართველი ერის არჩევანი, რაც ქვეყნის სუვერენიტეტის, ეროვნული უსაფრთხოების და თავისუფლების დაცვას უზრუნველყოფს. კარგად გვესმის საქართველოს ეს პოზიცია და მტკიცედ ვუჭერთ მას მხარს. ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირი მიიღებს საქართველოს გაწევრიანების გადაწყვეტილებას. საქართველოს NATO-ში გაწევრიანება წაახალისებს ყველა იმ დასავლურ სახელმწიფოს, რომელსაც სურს იბრძოლოს პუტინის აგრესიის წინააღმდეგ.
ამავდროულად, ეს არის მკაფიო გზავნილი იმ პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც ახლა რუსეთისთვის ძალიან სიმბოლურია. რაც უფრო მეტნი ვიქნებით NATO-სა თუ ევროკავშირში, მით უფრო ძლიერები ვიქნებით ერთად. ისლანდიას, როგორც NATO-ს დამფუძნებელ ქვეყანას შეუძლია აიღოს მკაფიო ვალდებულება და ხელი შეუწყოს საქართველოს NATO-ში დაუყოვნებლივ გაწევრიანებას. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ისლანდია თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს NATO-ს ივნისის სამიტზე და საქართველოს NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით უპირობო მხარდაჭერას გამოხატავს. ბევრი რამ დგას სასწორზე“, - წერს ისლანდიის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი, ტორგერდურ კატრინ გუნარსდოტირი Facebook-ის გვერდზე.