კუნძულ ზმეინთან, ბაირაქტარის საშუალებით კიდევ რუსული სადესანტო ხომალდი „სერნა“გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო Twitter-ზე ავრცელებს და შესაბამის ვიდეოს აქვეყნებს.
„რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ტრადიციული აღლუმი ამ წლის 9 მაისს ზმეინთან ახლოს, ზღვის ფსკერზე ჩატარდება“, - აცხადებენ უწყებაში.
6 მაისს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, კუნძულ ზმეინთან, ფრეგატ „ადმირალ მარკოვზე“ ხანძრის შესახებ.
ამასთან, რუსეთის გენშტაბი, 6 მაისის მდგომარეობით, კიდევ ერთი გემის დაკარგვის შესახებ იუწყება. „ადმირალი მარკოვი“, მესამე ფრეგატია, რომელიც რუსეთის შავი ზღვის ფლოტში ირიცხება. სამხედრო გემი 30-ე საზღვაო დივიზიის შემადგენლობაშია. ფრეგატი 2012 წელს სახელმწიფო საწარმო „იანტარში“ ააწყვეს, კალინინგრადში. ექსპლუატაციაში კი 2015 წელს შევიდა. ფრეგატი აღჭურვილია ფრთოსანი რაკეტებით „კალიბრი“, და გემის საწინააღმდეგო რაკეტებით „ონიქსი“.
შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, საღამოს, რუსულ სამხედრო კრეისერ „მოსკვას“, ხანძარი გაუჩნდა. უკრაინულმა მედიამ და პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ კრეისერზე ხანძარი „ნეპტუნის“ ორი რაკეტის აფეთქებამ გამოიწვია. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრეისერზე ხანძარი საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად გაჩნდა. თუმცა, რამ გამოიწვია აფეთქება, უწყებას არ განუმარტავს. თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ხანძრის მიზეზებს დაადგენენ.
15 აპრილს ცნობილი გახდა, რომ კიევთან „ნეპტუნის“ რაკეტების მწარმოებელი ქარხანა დაბომბეს, რომლითაც სავარაუდოდ, კრეისერ „მოსკვაზე“ სარაკეტო დარტყმა განხორციელდა
მოგვიანებით, პენტაგონის მაღალჩინოსნმა განაცხადა, რომ კრეისრ „მოსკვას“ უკრაინული „ნეპტუნის“ ტიპის რაკეტები მოხვდა.
ასევე წაიკითხეთ