ავღანეთში, თალიბანმა ქალებს ბურკის ტარება უბრძანა

ავღანეთში, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „თალიბანი“ ქალებზე კონტროლს ამკაცრებს. ბრძანება, რომელიც 7 მაისს, ქაბულში გამოცხადდა, ქალებს მოუწოდებს გამოაჩინონ მარტო თვალები, და შეიმოსონ სხეულის თავიდან ფეხამდე დამფარავი ბურკით.

თუ ქალი სახის დაუფარავად პირველად გამოჩნდება ქუჩაში „თალიბანის“ წარმომადგენლები მის სახლში მივლენ და ქალის ქმარს, მამას ან ძმას გაესაუბრებიან. მეორეჯერ კაცს, რომელიც პასუხისმგებელია ქალის ქცევაზე, სამინისტროში დაიბარებენ, მესამედ განმეორების შემთხვევაში კი მეურვე კაცი სასამართლოს წინაშე წარდგება და ციხეში 3 დღეს გაატარებს.

„აუცილებელია კანონის დამრღვევების იდენტიფიცირება და მათი მეურვეების ან ოჯახის უფროსების ინფორმირება, თავად ქალები კი უნდა დაისაჯონ. წესების გამეორებით დარღვევის შემთხვევაში მეურვეები ქალს ახსნა-განმარტებებს მისცემენ. მეურვეებს კი გააფრთხილებს შესაბამისი უწყება. მესამე დარღვევისთვის მეურვე კაცს 3 დღით დააკავებენ, მეოთხე დარღვევის შემთხვევეაში კი კანონის მთელი სიმკაცრით გაასამართლებენ“, - განაცხადა კეთილშობილების პროპაგანდისა და მანკიერების პრევენციის სამინისტროს პრესმდივანმა.

ბოლო 20 წლის განმავლობაში, ავღანეთში, მნიშვნელოვანი პროგრესი იყო მიღწეული ქალთა უფლებების საკითხში. ავღანელებს შეეძლოთ სწავლა და მუშაობა ნებისმიერ სფეროში, მაგრამ ფუნდამენტალისტების ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ მათ ეს შესაძლებლობა დაკარგეს და მათი პროტესტის მცდელობა თალიბანმა სასტიკად ჩაახშო.


ცნობისთვის, 2021 წლის 15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ქვეყნიდან გაიქცა. „თალიბანი“ ავღანეთს პრაქტიკულად სრულად აკონტროლებს.

30 აგვისტოს აშშ-მა ავღანეთიდან ჯარების გაყვანის დასრულება გამოაცხადა.


ასევე წაიკითხეთ