კახეთში სტიქიის შედეგად სახლები დაიტბორა

რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, კახეთის რეგიონში მდინარეები ადიდდა. სტიქიამ პრობლემები შექმნა გურჯაანსა და ახმეტაში.

რადიო თავისუფლებას გურჯაანის მერიაში განუცხადეს, რომ ადიდებული მდინარეებიდან გადმოსულმა წყალმა დატბორა საცხოვრებელი სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები, დააზიანა საუბნო გზები. სახლები დაიტბორა სოფლებში: ძირკოკში, ჭანდარში, ვეჯინში, კალაურში და სოფელ გურჯაანში.

საცხოვრებლები დატბორილია ქალაქ გურჯაანშიც. გურჯაანის მერის, ზურაბ უტიაშვილის თქმით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაო უკვე დაიწყო.

სტიქიას ებრძვიან ახმეტაშიც. ადიდებულმა მდინარე ილტომ სოფელ ნადუქნართან სასმელი წყლის მაგისტრალი დააზიანა, რის გამოც ახმეტის მოსახლეობას წყალმომარაგება შეუწყდა.