ილონ მასკმა დიმიტრი როგოზინის მუქარას უპასუხა

ამერიკული ავტომშნებელი და ენერგოკომპანია Tesla-ს და კოსმოსური რაკეტების მწარმოებელი ამერიკული კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი დიმიტრი როგოზინის მუქარას Twitter-ზე პასუხობს.

„სიტყვა „ნაცისტი“ არ ნიშნავს იმას, რასაც როგორც ჩანს, ფიქრობ“, - უპასუხა მასკმა როგოზინს და დაამატა: „თუ საიდუმლო გარემოებებში მოვკვდები, სასიამოვნო იყო შენი გაცნობა“.

მანამე, Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორს უკრაინისთვის ინტერნეტსერვისის მიწოდების გამო რუსეთის კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელი, დიმიტრი როგოზინი დაემუქრა და განაცხადა, რომ ილონ მასკს ამ ქმედებისთვის პასუხისგება მოუწევს.


  • როგორც ცნობილია, Starlink-ი უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 27 თებერვალს გააქტიურდა. ილონ მასკმა უკრაინას „სტარლინკის“ ინტერნეტით სარგებლობის საშუალება ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს მისცა. ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ შემუშავებული სატელიტური ინტერნეტ პროვაიდერი, Starlink დედამიწის დაბალი ორბიტის თანამგზავრებს იყენებს, რათა მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი მთელ მსოფლიოში უზრუნველყოს. ამ ტექნოლოგიას შეუძლია, ინტერნეტით უზრუნველყოს მისადგომად რთულ ადგილებში მცხოვრები მოსახლეობა, რომლებთანაც ვერ აღწევს ბოჭკოვანი ოპტიკური კაბელები და ფიჭური კავშირი. ეს ტექნოლოგია ასევე მნიშვნელოვანია ისეთ ვითარებებში, როცა ქარიშხალი, ან სხვა ბუნებრივი კატასტროფა კომუნიკაციაში წყვეტას იწვევს.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების 36-ე საზღვაო ბრიგადის დატყვევებული შტაბის უფროსის, პოლკოვნიკ დიმიტრი კორმიანკოვის ჩვენებიდან ჩანს, რომ ილონ მასკის სატელიტური კომპანიის Starlink-ის აღჭურვილობა აზოვის ბატალიონის „ნაცისტ მებრძოლებს“ და უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ქვეითებს მარიუპოლში სამხედრო ვერტმფრენებით გადაეცა“,  - წერდა როგოზინი. მასკს Twitter-ზე ბევრი გულშემატკივარი გამოეხმაურა.