Starlink-ი უკრაინაში დარეგისტრირდა

Starlink-ი უკრაინაში დარეგისტრირდა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა განაცხადა.

„Starlink Ukraine დარეგისტრირებულია უკრაინაში, როგორც SpaceX-ის წარმომადგენლობის ოფისი“, - იტყობინება ფედოროვი.

როგორც ცნობილია, Starlink-ი უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 27 თებერვალს გააქტიურდა. ილონ მასკმა უკრაინას „სტარლინკის“ ინტერნეტით სარგებლობის საშუალება ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს მისცა. ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ შემუშავებული სატელიტური ინტერნეტ პროვაიდერი, Starlink დედამიწის დაბალი ორბიტის თანამგზავრებს იყენებს, რათა მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი მთელ მსოფლიოში უზრუნველყოს.

ამ ტექნოლოგიას შეუძლია, ინტერნეტით უზრუნველყოს მისადგომად რთულ ადგილებში მცხოვრები მოსახლეობა, რომლებთანაც ვერ აღწევს ბოჭკოვანი ოპტიკური კაბელები და ფიჭური კავშირი. ეს ტექნოლოგია ასევე მნიშვნელოვანია ისეთ ვითარებებში, როცა ქარიშხალი, ან სხვა ბუნებრივი კატასტროფა კომუნიკაციაში წყვეტას იწვევს.


ამავე თემაზე

Starlink-ი უკრაინაში ოფისის გახსნას გეგმავს