თენგიზ ცერცვაძე: თანამდებობაზე ვრჩები

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველის არხის ეთერში განაცხადა, რომ თანამდებობაზე რჩება. ცერცვაძის განცხადებით, მან საზოგადოებისგან უპირობო მხარდაჭერა იგრძნო.

„დიახ, ვრჩები. ერთი, რამაც მაფიქრებინა, რომ ის განცხადება ემოციური იყო და შეიძლება, საქმისთვის და ქვეყნისთვის სჯობს, დავრჩე არის ის, რომ ძალიან საინტერესო იყო რეაქცია. მე რომ მეგონა თავიდან, მთელი ქვეყანა დაინგრა და ჩემს წინააღმდეგ არის, აღმოჩნდა, რომ ეს არის საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილი, იმდენად მცირე, რომ მე ეს განწყობები და მსგავსი შეფასებები ვერსად ვიგრძენი, ვერც სამსახურში, ვერც ყოფით პირობებში. საზოგადოებისგან ვიგრძენი ცალსახა და უპირობო მხარდაჭერა, ამან მაფიქრებინა, რომ მე კი არ უნდა ვტოვებდე სამსახურს, ეს ხალხი უნდა ტოვებდეს“, – განაცხადა ცერცვაძემ.


27 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ამოწმებს, რამდენად მიზნობრივად დაიხარჯა კოვიდკლინიკებისთვის გამოყოფილი თანხები.

4 მაისს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ცილისწამების გამო სამსახურიდან წასვლაზე ფიქრობდა. „ძალიან გულნატკენი და შეურაცხყოფილი ვარ იმ უკიდურესად უსამართლო, სინამდვილისგან და საღი აზრისგან სრულიად აცდენილ და აბსოლუტურად უსაფუძვლო ცილისწამებების და ბრალდებების გამო, რომლებიც ბოლო დღეებში ჩემი (და არამარტო ჩემი) მისამართით გამოითქმება (საბედნიეროდ, საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილის მიერ)“, – წერდა ცერცვაძე. 



6 მაისს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ მისი უწყება, არ გეგმავს ინფექციური საავადმყოფოს შემოწმებას კოვიდკლინიკებში თანხების არამიზნობრივად გახარჯვასთან დაკავშირებით.