რუსეთიდან მზესუმზირის ზეთის იმპორტი რთულდება. საქართველოსთვის იაფი იმპორტის ალტერნატიული ბაზარი ჯერ არ ჩანს.
Europetime-თან საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია, ამბობს, რომ ბაზარზე დეფიციტი არ იქნება, თუმცა ივნისიდან საკვებ ზეთზე ფასი კიდევ გაიზრდება.
„რუსეთი არასტაბილური პარტნიორია, რადგან იგივე პანდემიის პერიოდშიც ზეთის ექსპორტზე ფიქსირებული გადასახადი გაზარდა და მაშინაც სერიოზული პრობლემები შეგვექმნა. 1-ელი ივლისიდან რუსეთიდან 1 ტონა მზესუმზირის ზეთის შემოტანაზე ექსპორტის გადასახადი $525 ხდება. მაისში ამ გადასახადმა ტონაზე $372,2 შეადგინა აპრილში კი $313. ეს კი საბაზრო ფასებზე პირდაპირპროპორციულად აისახება. დიდი ალბათობით, ივნისიდან იპმორტირებული 1 ლიტრი ზეთი 11-12 ლარი ეღირება“.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საქართველოსთვის მზესუმზირის ზეთის იმპორტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბაზარი დაიხურა. უკრაინიდან ზეთის იმპორტი თებერვლიდან შეწყდა. ამ დრომდე რუსეთი პროდუქტის ყველაზე მსხვილი მომწოდებელია.
საქსტატის მონაცემებით, იანვარ-მარტში ქვეყნიდან მზესუმზირის ზეთის შესაძენად სულ $3,8 მილიონი გავიდა, ხოლო რუსეთიდან საქართველოში $2.5 მილიონის ღირებულების 1 709 ტონა მზესუმზირის ზეთი იმპორტირდა. აზერბაიჯანიდან იმპორტმა 475.2 ტონა შეადგინა, რაშიც იმპორტიორებმა $850.4 ათასი გადაიხადეს. რაც შეეხება უკრაინას, 3 თვეში ქვეყანამ სულ 239.2 ტონა მზესუმზირის ზეთი $416.1 ათასად შეიძინა.
ეს მაჩვენებლები 2021 წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით შემცირებულია. საგულისხმოა ისიც, რომ მარტში უკრაინიდან ზეთის იმპორტი არ განხორციელებულა. 2022 წლის პირველ კვარტალში მცირე მოცულობებით საქართველოში მზესუმზირის ზეთი გერმანიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბელგიიდან და თურქეთიდან შემოვიდა. „რუსეთიდან რთულდება და ძვირდება პროდუქტის შემოტანა. ალტერნატიული ბაზრებზე გასვლა კი არ არის ადვილი“, - ამბობს Europetime-თან ადგილობრივ ბაზარზე მზესუმზირის ზეთის ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორის „ჩირინას“ ხელმძღვანელი რეზო ვაშაკიძე.
მისი, თქმით რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე, მზესუმზირის ზეთი უკრაინიდან, მელიტოპოლის ქარხნიდან შემოჰქონდა, ახლა კი იმპორტს რუსეთიდან ახორციელებს. „ივნისიდან მზესუმზირის ზეთი საშუალოდ კიდევ 20-30%-ით გაძვირდება“, - ამბობს ვაშაკიძე.
ბაზრის დივერსიფიკაციაზე საუბრობს დისტრიბუროტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, თუმცა არ მალავს, რომ ეს საკმაოდ რთული პროცესია. „რთული პროცედურებია და დროშია გაწელილი. აზერბაიჯანიდან მზესუმზირის ზეთის მცირე რაოდენობა შემოდის, რაც ბაზარს აბალანსებდა. ძირითადად ალტერნატივად არგენტინა განიხილება“.
კომპანია „ჩირინას“ ხელმძღვანელი რუსეთის ბაზრის ალტერნატივად ბრაზილიას განიხილავს. „აქ პრობლემა ლოჯისტიკაა. მანძილი დიდია და ბუნებრივია ზეთზე ფასი გაიზრდება“.
მზესუმზირის ზეთის იმპორტიორების ნაწილი, ბაზარზე შექმნილ ვითარებას პესიმისტურად უყურებს. ზოგიერთი უკრაინის ჩაკეტვის შემდეგ, ბაზრის ამ სეგმენტიდან საერთოდ გავიდა. „უკრაინიდან შემოგვქონდა მზესუმზირის ზეთი და ომის გამო გაჩერებული ვართ. რაც შეეხება რუსეთის ბაზარს, ამ მიმართულებით არ წავედით, რადგან არასტაბილური პარტნიორია“, - აცხადებენ სადისტრიბუციო კომპანია L ჯორჯიაში.
რაც შეეხება ადგილობრივ წარმოებას, კომპანია „ქარვა“ რომელსაც ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებდა და შეიძლება ითქვას, ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე იყო, გაჩერებულია. როგორც კომპანიაში გვითხრეს ადგილობრივი მზესუმზირითი ზეთის წარმოება ჯერ კიდევ პანდემიამდე ფინანსური პრობლემების გამო შეწყვიტეს. წარმოებას ნაწილობრივ უკრაინიდან მზესუმზირას იმპორტით აბალანსებდნენ. „ახლა კი უკრაინაში ომია და შესაბამისად ნედლეულის ეს ბაზარიც ჩაიკეტა“, - აცახდებენ კომპანიაში.
ამ დროისთვის, ბაზარზე ადგილობრივი ნედლეულით მხოლოდ მცირე, ოჯახური ზეთის სახდელები მუშაობენ. ისიც, მხოლოდ სეზონურად.
მაისის მონაცემებით, ბაზარზე და სავაჭრო ქსელებში იმპორტირებული მზესუმზირას ზეთის ფასი, მაისის მონაცემებით ბრენდისა და ხარისხის მიხედვით 7,5-ლარიდან 10 ლარამდე მერყეობს. რაც შეეხება ადგილობრივ ოჯახურ საწარმოებში დაწურული მზესუმზირას ზეთის ფასს, 1 ლიტრის ღირებულება ადგილზე 10 ლარია, ხოლო საკოლმეურნეო ბაზრებში 15 ლარს შეადგენს.
საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის აპრილში ინფლაციამ 12,8% შეადგინა, რომელშიც სურსათისა და უალკოჰოლო ნაწარმის წილი 6,77% -ია. ამასთან აპრილში ზეთი და ცხიმი კიდევ 20,8%-ით გაძვირდა.
რატომ ვერ ვითარდება საქართველოში მზესუმზირის ზეთის ადგილობრივი წარმოება? სად არის პრობლემა? Europetime ამ საკითხის შესწავლას დაიწყებს და პუბლიკაციებს მოამზადებს.