ერდოღანის თქმით, სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია

თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა პარასკევს განაცხადა, რომ შეუძლებელია, NATO-ს წევრმა თურქეთმა მხარი დაუჭიროს შვედეთისა და ფინეთის გეგმებს, შეუერთდნენ ალიანსს. ერდოღანმა განაცხადა, რომ სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია.

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ოფიციალურად უჭერს მხარს გაფართოებას, მისმა წინააღმდეგობამ შესაძლოა, პრობლემა შეუქმნას შვედეთსა და ფინეთს, რადგან ახალი წევრების მიღებას ერთსულოვანი გადაწყვეტილება სჭირდებათ.

„შვედეთთან და ფინეთთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ვაკვირდებით, მაგრამ  პოზიტიური შეხედულებები არ გვაქვს“, - განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს სტამბულში და დაამატა, რომ თავის დროზე, საბერძნეთის წევრად მიღება NATO-ს შეცდომა იყო.

„ჩვენ, თურქეთს, არ გვინდა მსგავსი შეცდომების გამეორება. გარდა ამისა, სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია", - განაცხადა ერდოღანმა დეტალების დაკონკრეტების გარეშე.

სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. გასულ კვირას ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას მხარს 76% უჭერს. რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, „საპასუხო ნაბიჯები“ გადადგას. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანება სერიოზულად დააზარალებს ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ჩრდილოეთ ევროპაში. თუმცა მოსკოვი არ აკონკრეტებს, რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს.

შვედეთსაც და ფინეთსაც მჭიდრო კავშირები აქვთ ალიანსთან, პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამას 1994 წელს შეუერთდნენ და NATO-ს წევრ ქვეყნებთან ერთად წვრთნებში, ასევე, ალიანსის ხელმძღვანელობით სამშვიდობო მისიებში რეგულარულად მონაწილეობენ.

ინფორმაციისთვის, ვაშინგტონში, 1949 წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე, ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია დაარსდა. დამფუძნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო, წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს, ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით.

დღეს NATO ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 30 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს.