პოლონეთმა რუსეთის საელჩოს ანგარიშები დაბლოკა

პოლონეთში რუსეთის დიპლომატიური მისიის ანგარიშები 2 სექტემბრამდე ხელმისაწვდომი არ იქნება. ამის შესახებ რუსული მედია, პოლონეთში რუსეთის ელჩ სერგეი ანდრეევზე დაყრდნობით წერს.

რუსი დიპლომატის ცნობით, ანგარიშები პოლონეთის პროკურატურის გადაწყვეტილებით დაბლოკეს. „რა იქნება 2 სექტემბრის შემდეგ, არც ესაა ნათელი“, - თქვა ანდრეევმა. აღნიშნული ფაქტი, რუსეთის დიპლომატიურმა მისიამ მაშინვე გააპროტესტა და პოლონეთი ვენის კონვენციის დარღვევაში დაადანაშაულა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება პროკუარტურამ მიიღო და შესაბამისად რუსეულ მხარეს შეუძლია სასამართლოს მიმართოს.

Rzeczpospolita-ს ცნობით, პროკურატურა დიდი ალბათობით არ განიხილავს საჩივარს და სავარაუდოდ, საქმე სასამართლოს გადაეცემა.

პროკურატურის მიერ დაყადაღებული თანხა თითქმის 5 მილიონი ზლოტია (დაახლოებით $1.1 მლნ.). გამოცემის ინფორმაციით, პოლონეთის პროკურატურის მტკიცებით, რუსეთის საელჩო საბანკო ანგარიშებს "ტერორისტული საქმიანობის ან ფულის გათეთრების დასაფინანსებლად" იყენებდა. სახსრების ბლოკადის მიზეზი იყო რუსი დიპლომატების რამდენიმე მცდელობა, დიდი  ოდენობით თანხა ანგარიშიდან გამოეტანათ და ფინანსური ოპერაციები ნაღდი ფულით შეესრულებინათ.

თავის მხრივ პოლონეთში რუსეთის ელჩი სერგეი ანდრეევი აცხადებს, რომ რუსულმა მხარემ, მომხდარის საპასუხოდ მოსკოვში პოლონეთის საელჩოს ანგარიშები გაყინა.

ცნობისათვის მარტში, პოლონეთში 45 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღეს.