თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი რიზეს პროვინციაში ქვეყნის 58-ე აეროპორტის, რიზე-ართვინის გახსნაზე ჩავიდა. აეროპორტის გახსნაში მონაწილეობის მისაღებად თურქეთს ეწვია აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევიც.
პირველი თვითმფრინავი, სახელად „რიზე-ართვინი“ ახალ აეროპორტში დღეს, 14 მაისს დაეშვა.
ახალი აეროპორტის საერთო ფართობია 3 მილიონი კვადრატული მეტრი. აეროპორტი მდებარეობს პაზარის რაიონში - ქალაქ რიზედან 34 კილომეტრის, ხოფადან 54 კმ-ს და ართვინიდან 125 კმ-ს დაშორებით.
აეროპორტის ასაფრენი ბილიკის სიგანე 45 მეტრია, სიგრძე კი 3 კილომეტრი. ესაა ქვეყნის მეორე აეროპორტი, რომლის ასაფრენი ბილიკიც ზღვის სანაპიროზეა აგებული. დღეისათვის მსოფლიოში, მხოლოდ ხუთი აეროპორტია, რომელთა ასაფრენი ბილიკი ზღვის სანაპიროზეა აშენებული - მათგან ორი თურქეთშია.
რიზე-ართვინის აეროპორტი წელიწადში დაახლოებით 3 მილიონ მგზავრს მოემსახურება.