ეკონომიკის მინისტრს, ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილს მოლოდინი აქვს, რომ საწვავის ფასები შემცირდება.
დავითაშვილის განცხადებით, კონკურენციის სააგენტოს მიერ ბაზრის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ საცალო ქსელებში არსებული საწვავის ფასი არ არის საერთაშორისო ბაზარზე გაძვირებასთან თანხვედრაში.
„კონკურენციის სააგენტომ შეისწავლა ბაზარი, მას აქვს საინტერესო მიგნებები მონიტორინგის პროცესის შესაბამისად. ეს მთავრობის ეკონომიკურ გუნდში გავაზიარეთ. შაბათს გვქონდა შეხვედრა. დეტალურად გავიარეთ საკითხები, რომელიც წარმოაჩენს, რომ ბაზარზე, ღიად, საცალო ქსელებში არსებული ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდება, ანუ ის ზრდის ეფექტი, რომელიც იყო, არ არის თანხვედრაში საერთაშორისო ბაზარზე გაძვირებასთან.
ვფიქრობთ, რომ მეტი კომუნიკაციაა საჭირო საწვავის როგორც საცალო გამყიდველებთან, ისე იმპორტიორებთან. პრემიერის დავალებით მე და ეკონომიკურ გუნდს გვექნება კონკურენციის სააგენტოსთან ერთად უშუალო დიალოგი. რამდენიმე დღე მათთან ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ის მიგნებები ან დადასტურდეს კომპანიების მხრიდან და მოხდეს ფასების კორექტირება, ან ჩვენ ველოდებით რაიმე მყარ არგუმენტებს, რომელიც არ მგონია, რომ არსებობდეს. ამიტომ, ჩვენი მოლოდინი არის, რომ საწვავის ფასი კიდევ უნდა შემცირდეს. ამ კუთხით, დღესვე შევხვდებით ერთ ჯგუფს, რამდენიმე შეხვედრა გვექნება კვირის განმავლობაში და ვფიქრობთ, რომ გარკვეული შედეგის მომცემი იქნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.