საკონსტიტუციო სასამართლო, პარლამენტის წინააღმდეგ ლონდა თოლორაიას სარჩელის განხილვას იწყებს

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია პარლამენტის წინააღმდეგ ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიასა და სახალხო დამცველის სარჩელების არსებით განხილვას იწყებს. პროცესი 18-20 მაისს გაიმართება.

კონსტიტუციური სარჩელებით სადავოდ გამხდარი ნორმები ადგენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმების წესსა და მის თანამდევ შედეგებს. ამასთანავე, სადავოდ არის გამხდარი სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებში შესატანი ცვლილებები, რომელთა მიზანია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებითა და სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების შექმნით გამოწვეული საკანონმდებლო ცვლილებების ასახვა. "მოსარჩელეები სადავოდ ხდიან როგორც უშუალოდ თანამდებობის გაუქმების და უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, ასევე ინსტიტუციის მომწესრიგებელ სხვა საკანონმდებლო დანაწესებს. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებით გათვალისწინებულ უფლებას", - წერია განცხადებაში.

სასამართლოს პირველი კოლეგიის გადაწყვეტილებით, არსებითი განხილვის პირველი სხდომა დისტანციურად ჩატარდება. 


ცნობისთვის, ლონდა თოლორაიას სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ 28 იანვარს დაარეგისტრირა. მოსარჩელე ითხოვს ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით მიღებული კანონის შესაბამისი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას.


ცვლილებების თანახმად, 2022 წლის პირველი მარტიდან გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა. 2022 წლის პირველი მარტიდან თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ სახელმწიფო ინსპექტორი და მისი მოადგილეები.

13 იანვარს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ მიღებულ კანონს ხელი მოაწერა. საქართველო პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 30 დეკემბერს, დაჩქარებული წესით გააუქმა.