საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემა იყო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების პერსპექტივები.
პრემიერის თქმით, ქვეყანა აფასებს ევროპარლამენტისა და ევროკავშირის ინსტიტუტების ურყევ მხარდაჭერას ევროპული ინტეგრაციის გზაზე, განსაკუთრებით კი საქართველოსთვის ისეთ მნიშვნელოვან დროს, როდესაც ქვეყანა ევროკომისიის შეფასების და საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების მოლოდინშია.
შეხვედრაზე აღინიშნა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება. პრემიერმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სოლიდარობა უკრაინელების მიმართ, ასევე, აღნიშნა რომ ამ დროისთვის უკრაინელი ხალხის დასახმარებლად საქართველოდან საჰაერო და სახმელეთო გზებით უკრაინაში 500 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა. გაფართოებული შეხვედრის შემდეგ კი პრემიერ-მინისტრმა და ევროპარლამენტის პრეზიდენტმა პირისპირ შეხვედრა გამართეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტის საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტის პრეზიდენტს ევროპარლამენტის მხრიდან ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესში უწყვეტი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ასევე წაიკითხეთ:
ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა