„ბორჯომის“ მფლობელი მზადაა, აქციების ნაწილი საქართველოს მთავრობას უფასოდ გადასცეს

"IDS ბორჯომი" საქართველოს მთავრობის მიერ IDS BORJOMI International-ი მისი მაკონტროლებელი კომპანიის მიერ აქციების უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე, განცხადებას ავრცელებს, რომელსაც  Europetime უცვლელად გთავაზობთ:

„IDS BORJOMI International-მა დღეს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებების შემდგომ, მისმა მაკონტროლებელმა კომპანიამ საქართველოს მთავრობას წარუდგინა ოფიციალური წინადადება წილების ნაწილის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ. ეს ნაბიჯი საქართველოს მთავრობას საერთაშორისო კომპანიის მართვაში მონაწილეობის მიღების საშუალებას მისცემს.

რეგიონში ბოლო დროს განვითარებული ნეგატიური მოვლენების გამო, IDS BORJOMI International-ს აქვს ბიზნესის წყვეტა და სირთულეები საბანკო სერვისებთან დაკავშირებით, რის შედეგადაც კომპანია იძულებული გახდა, ქალაქ ბორჯომში მდებარე ჩამომსხმელ ქარხნებში საწარმოო პროცესი შეეჩერებინა. შედეგად ათასზე მეტი ადამიანი სამსახურის დაკარგვის რისკის წინაშე აღმოჩნდა.

საქართველოს მთავრობის მიერ, IDS BORJOMI International-ის მფლობელი კომპანიის შეთავაზების დათანხმების შემდგომ, კომპანია IDS ბორჯომი საქართველო შეძლებს ქარხნებში საწარმოო პროცესის აღდგენას და ეკონომიკური საქმიანობის განახლებას“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.


29 აპრილს IDS ბორჯომმა სანქციების გამო, წარმოების დროებით შეჩერების შესახებ განაცახდა.  


2013 წლიდან რუსული Alfa Group ფლობს IDS Borjomi International-ის საკონტროლო წილს. მისი დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის სანქციების სიაშია. IDS Borjomi International, ბორჯომის გარდა, აწარმოებს ჩამოსხმულ წყალს ბრენდების Holy Spring და Edelweiss.

უკრაინაში ომისა და მას შემდეგ დაწესებული სანქციების გამო, 750-ზე მეტმა უცხოურმა კომპანიამ შეაჩერა მუშაობა რუსულ ბაზარზე.